ახმეტის მოსახლეობამ ფშაველი-აბანო-ომალოს გზის გაწმენდითი სამუშაოების დაჩქარების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა
ახმეტის მოსახლეობამ ფშაველი-აბანო-ომალოს გზის გაწმენდითი სამუშაოების დაჩქარების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა

ახმეტის მოსახლეობამ, ფშაველი-აბანო-ომალოს გზის გაწმენდითი სამუშაოების დაჩქარების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გამართა.

ახმეტის რაიონის სოფლების ზემო ალვანის, ქვემო ალვანის და ლალისყურის მოსახლეობა საავტომობილო გზების დეპარტამენტს უყურადღებობაში ადანაშაულებს. აქციის მონაწილეები თუშეთისკენ მიმავალი გზის დაგვიანებით გახსნის შემთხვევაში ტურისტული სეზონის ჩავარდნაზე, ასევე პირუტყვის საძოვრებზე დაგვიანებით გადაყვანით გამოწვეულ ზარალზეც საუბრობენ.

„15 მაისამდე  თუ არ გადაიყვანეს ცხვარი მერე ავადდბა და კვდება, ნაბარევით დაავადებული ცხვრის პროდუქტიც აღარ გამოიყენება“, –  აცხადებს მეცხვარე ომარ წვერაიძე.

„ივნისიდან უკვე აღებული აქვთ სასტუმროებს შეკვეთები და დაჯავშნილია. ტურისტული სეზონი ისედაც მხოლოდ სამი თვე გვაქვს და ეს ჩვენთვის დიდი ზარალი იქნება“ – განუცხადა საქართველოს პირველ არხს აქციის მონაწილემ, სოსო ბაბულაიძემ.

აქციის მონაწილეების თქმით თუშეთის გზის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელ კომპანია ,,გერალს“ კონტრაქტის ვადა ეწურება, რის შემდეგაც გზის გაწმენდით სამუშაორბს ტენდერში გამარჯვებული ახალი კომპანია გააგრძელებს. მოსახლეობა შიშობს, რომ ახალ კომპანიას ტექნიკის მობილიზებისთვის დამატებითი დრო დასჭირდება, რაც სამუშაოების დასრულებას კიდევ უფრო გააჭიანურებს.

აქციის მონაწილეებთან შესახვედრად ადგილზე ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ჩავიდა და საგზაო დეპარტამენტისგან მიღებული ინფორმაცია მოსახლეობას გააცნო.

„გზაზე ლოდების აფეთქება წუხელვე მოხერხდა და გაწმენდის სამუშაოები განახლდა. ახალ კომპანიას კი ტექნიკის მობილიზება თუშეთისკენ უკვე დაწყებული აქვს და ხვალ უკვე შემოიყვანენ. თუ მეტეოროლოგიური პირობები მოგვცემს საშუალებას, გზის გაწმენდა ომალოს მიმართულებით დათქმულ დროს, ივნისის პორველ რიცხვში უნდა დასრულდეს“, – განაცხადა სოსო ქარუმაშვილმა.

ახმეტის მერის ინფორმაციით ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 72 კილომეტრიანი გზის მხოლოდ 26 კილომეტრია გაწმენდილი. მისივე თქმით დღეს გაწმენდით სამუშაოების მიმდინარეობას საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნობიან.