ახლო აღმოსავლეთში დონალდ ტრამპის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი რუსეთში ვიზიტს გეგმავს
ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი რუსეთში ვიზიტს გეგმავს. ამის შესახებ „როიტერი“ ორ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.
წყაროები ადასტურებენ, რომ უიტკოფი რუსეთში ქვეყნის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.
ერთ-ერთი მაღალჩინოსანი კი ამბობს, რომ უიტკოფი მოსკოვს მიმდინარე კვირაში ეწვევა.
უიტკოფი ვლადიმერ პუტინს აქამდეც შეხვედრია. შეხვედრა თებერვალში შედგა, რასაც მარკ ფოგელის აშშ-ში დაბრუნება მოჰყვა. ფოგელი ამერიკელი ისტორიის მასწავლებელია, რომელსაც რუსეთში 14 წელი ციხე ჰქონდა მისჯილი სამედიცინო დანიშნულებით გამოწერილი მარიხუანას შენახვის გამო.