ახლო აღმოსავლეთში დონალდ ტრამპის წარმომადგენელი - აშშ უკრაინის დელეგაციასთან შეხვედრას საუდის არაბეთში გეგმავს
ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი აცხადებს, რომ ცდილობს საუდის არაბეთში უკრაინის დელეგაციასთან შეხვედრის ორგანიზებას სამშვიდობო ჩარჩოს განსახილველად.
„ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები უკრაინელებთან შეხვედრის კოორდინირებაზე, რომელიც გაიმართება ელ რიადში ან, შესაძლოა, ჯიდაში, მაგრამ ეს იქნება საუდის არაბეთი. ვფიქრობ, იდეა მდგომარეობს იმაში, რომ შევიმუშაოთ სამშვიდობო შეთანხმების ჩარჩო; ეს, ასევე, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებასაც შეეხება“, – განუცხადა ვიტკოფმა ჟურნალისტებს.
ამასთან, როგორც ABC News-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, უკრაინის მხრიდან ელ რიადში პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი გაემგზავრება. შესაძლოა, შეხვედრას დაესწრონ უკრაინის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებიც. გამოცემის ინფორმაციით, უცნობია, გაფორმდება თუ არა რაიმე ხელშეკრულება, თუმცა წყარომ დაადასტურა, რომ შეხვედრა სამშვიდობო მოლაპარაკებებს შეეხება.