ახლო აღმოსავლეთიდან ტურისტების მოზიდვის მიზნით, საქართველო დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეა წარმოდგენილი
ახლო აღმოსავლეთიდან ტურისტების მოზიდვის მიზნით, საქართველო დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეა წარმოდგენილი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში ATM Dubai მონაწილეობს.

ტურიზმის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ტურისტული კომპანიები: WST Georgia, Guide of Georgia, Georgian Holidays, Voyager, Travel to Georgia 2010, Arrival DMC და სასტუმრო The Biltmore Hotel არიან წარმოდგენილები.

„გამოფენის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პრეზენტაციებს მართავს, მოეწყო სამუშაო შეხვედრები სპარსეთის ყურის ქვეყნების წამყვან ტურისტულ კომპანიებთან.

არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოსთვის მიზნობრივ ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. დუბაის გამოფენაში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაწილეობა ხელს შეუწყობს ქვეყნის მიმზიდველ და უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებად პოზიციონირებას. კერძო სექტორის წარმომადგენლებს კი საშუალება ექნებათ, ახალი კონტაქტები დაამყარონ და ტურისტული პაკეტები შესთავაზონ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ტუროპერატორებს“, – აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, დუბაიში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე 2019 წელს მსოფლიოს 150-ზე მეტი სახელმწიფოს 2 500-ზე მეტი საერთაშორისო კომპანია იყო წარმოდგენილი, დამთვალიერებელთა რაოდენობა კი დაახლოებით 40 ათასი იყო.