ახალსოფელში 61 წლის მამაკაცის გარდაცვალების ფაქტი შესაძლოა, პროკურატურამ შეისწავლოს
ახალსოფელში 61 წლის მამაკაცის გარდაცვალების ფაქტი შესაძლოა, პროკურატურამ შეისწავლოს

ახალსოფელში 61 წლის მამაკაცის გარდაცვალების ფაქტი შესაძლოა, პროკურატურამ შეისწავლოს,- ამის შესახებ გარდაცვლილის ძმამ განაცხადა.

ზაურ ლეონიძე გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდა, მისი თქმით, სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტებას ჰქონდა ადგილი

„მე შევესწარი ალკოტესტზე შემოწმების ფაქტს. ეუბნებოდნენ, ჩაბერეო, ეს კი ვერ ახერხებდა იმდენად უძლური იყო. ავადმყოფობდა, წნევის აპარატი და წამლები მაღაზიაში ჰქონდა, სადაც პატრულის წასვლის შემდეგ მივიდა, თუმცა უკვე ჩაიკეცა და გონება დაკარგა”, -ამბობს ზაურ ლეონიძე.

გარდაცვლილის ძმის განცხადებით, სასწრაფო დახმარების ბრიგადა მან და მეზობლებმა გამოიძახეს, თუმცა ექიმების მოსვლის დროს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო.

ზაურ ლეონიძის თქმით, ოჯახს ამ ეტაპზე რაიმე მოთხოვნა არ აქვს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ გამოძიების შედეგად, სამართალდამცველების მიმართ შესაბამისი სანქციები გატარდება.

ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრში ამბობენ, რომ ახალსოფელში გუშინ გვიან ღამით დაღუპული 61 წლის მამაკაცი მედიკოსებს ადგილზე გარდაცვლილი დახვდათ, თუმცა ცხედარი საავადმყოფოში მოსახლეობის დაჟინებული მოთხოვნით გადაიყვანეს.

„ბათუმიდან ახალსოფელში სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოძახებიდან 12 წუთში მივიდა, ეს არის მაქსიმალურად მოკლე დრო, მამაკაცი ექიმებს გარდაცვლილი დახვდა, თუმცა გარშემომყოფთა დაჟინებული თხოვნით, საავადმყოფოში გადაიყვანეს. სავარაუდოდ, მას გულსისხლძარღვთა დაავადება ჰქონდა, თუმცა გარდაცვალების მიზეზებს ექსპერტიზა დაადგენს”,-განაცხადა სასწრაფო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ბადრი პაქსაძემ.