ახალქალაქში მომხდარი ჩხუბის დროს დაჭრილმა და დაშავებულმა პირებმა ახალქალაქის ჰოსპიტალი დატოვეს
ახალქალაქში მომხდარი ჩხუბის დროს დაჭრილმა და დაშავებულმა პირებმა ახალქალაქის ჰოსპიტალი დატოვეს

ახალქალაქში გუშინ მომხდარი ჩხუბის დროს დაჭრილმა და დაშავებულმა პირებმა უკვე დატოვეს ახალქალაქის ჰოსპიტალი. ახალქალაქში მომხდარი ჩხუბის შემდეგ ახალქალაქის ჰოსპიტალს ერთმა დაჭრილმა და ორმა დაშავებულმა მიმართა. სამივე მათგანმა მსუბუქი დაზიანებებით უკვე დატოვა ჰოსპიტალი.

როგორც ახალქალაქის ჰოსპიტალის დირექტორმა, ალექსანდრე თოროიანმა აღნიშნა, გუშინ ახალქალაქში მოკლული მამაკაცი საავადმყოფოში შეყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო.

„გუშინ დაახლოებით 19:00 საათისთვის შემოყვანილი იყო ახალგაზრდა მამაკაცი. ის ათზე მეტი ბიჭის მიერ იყო შემოყვანილი უკვე გარდაცვლილი და დატოვებული სპეციალურ ოთახში. გამოძახებული იყო პოლიცია. მორიგე ექიმის დათვალიერებით აღმოჩნდა, რომ უკვე იყო გვამი. დათვალიერების დროს აღმოჩნდა, რომ ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა ჭრილობა გულის არეში და ერთი მარცხენა მტევანზე, თითის არეში. ერთი საათის შემდეგ მოგვმართა ბიჭმა, რომელიც იყო დანით დაჭრილი ხერხემლის არეში მსუბუქი დაზიანებებით. დამუშავებული იყო ეს ჭრილობა და გაწერილია სახლში. ორი საათის შემდეგ თვითდინებით მოგვმართა ორმა ახალგაზრდა ბიჭმა, მტევნის თითების მოტეხილობით. გაკეთდა რენტგენოგრაფია, დაედო თაბაშირი და გაწერილია სახლში. სამი დაშავებულიდან სამივე გაწერილია ამ დროისთვის. მაქვს ინფორმაცია, რომ დაჭრილი არის ეჭვმიტანილის მამა, თუმცა მას ჩვენთვის არ მოუმართავს“, – განაცხადა ახალქალაქის ჰოსპიტალის დირექტორმა.

ახალქალაქში მკვლელობა 8 აგვისტოს მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს 30 წლამდე ასაკის მამაკაცი. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა) მუხლებით დაიწყო. ადგილობრივების თქმით, ახალქალაქში მომხდარი მკვლელობა რამდენიმეწლიან კონფლიქტს უკავშირდება. მკვლელობის შემდეგ, 8 აგვისტოს საღამოს ახალქალაქში სიტუაცია დაიძაბა, რის გამოც სამართალდამცველების მობილიზება გახდა საჭირო. გარდაცვლილის სოფლელებმა ახალქალაქში სავარაუდო მკვლელის ახლობლების უძრავი ქონება დააზიანეს. სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული უკვე დააკავეს, გამოძიება დაიწყო ჯგუფური ძალადობის ფაქტზეც.