ახალქალაქში მამაკაცის მკვლელობისთვის ბრალდებულს თბილისის მთავარ სამმართველოში ბრალი წარუდგინეს
ახალქალაქში მამაკაცის მკვლელობისთვის ბრალდებულს თბილისის მთავარ სამმართველოში ბრალი წარუდგინეს

ახალქალაქში ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცის მკვლელობისთვის ბრალდებულს დღეს თბილისის მთავარ სამმართველოში ბრალი წარუდგინეს.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ახალქალაქში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ა.გ.-ს ბრალდება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით წარედგინა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 8 აგვისტოს, საღამოს საათებში, ახალქალაქში, პირთა ჯგუფს შორის მომხდარი შელაპარაკებისა და ფიზიკური დაპირისპირების დროს, ა.გ-მ მოკვლის განზრახვით, იარაღიდან გასროლით ვ.მ-ს გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა. მიყენებული ჭრილობის შედეგად ვ.მ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ა.გ. 9 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, პროკურატურა ა.გ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს დღესვე მიმართავს.

„აღსანიშნავია, რომ ამავე საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება და განადგურება იარაღის გამოყენებით. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით.

ორივე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – აცხადებენ პროკურატურაში.

დაკავებულის ადვოკატის, ტარიელ ბილანიშვილის ინფორმაციით, დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს.

„წარედგინა ბრალი 108-ე და 236 მუხლით. ბრალდებული 108-ე მუხლში თავს დამნშავედ არ ცნობს. რაც შეეხება 236 -ე მუხლს, ამ ნაწილში თავს დამნაშავედ ცნობს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იყენებს დუმილის უფლებას“, – განაცხადა ადვოკატმა.

დაკავებულის აღკვეთის ღონისძიებაზე ახალციხის რაიონული სასამართლო სავარაუდოდ ხვალ იმსჯელებს.

ახალქალაქში მკვლელობა 8 აგვისტოს მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს 30 წლამდე ასაკის მამაკაცი. ადგილობრივების თქმით, ახალქალაქში მომხდარი მკვლელობა რამდენიმეწლიან კონფლიქტს უკავშირდება. მკვლელობის შემდეგ, 8 აგვისტოს საღამოს ახალქალაქში სიტუაცია დაიძაბა, რის გამოც სამართალდამცველების მობილიზება გახდა საჭირო. გარდაცვლილის სოფლელებმა ახალქალაქში სავარაუდო მკვლელის ახლობლების უძრავი ქონება დააზიანეს.