ახალქალაქში ხულიგნობისა და სროლის ფაქტზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ახალქალაქში ხულიგნობისა და სროლის ფაქტზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და ახალქალაქში მომხდარი ხულიგნობისა და სროლის ფაქტზე ბრალდებულებს ს.პ.-ს და ა.მ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 26 მარტს, დაახლოებით 15:30 საათზე, ქ. ახალქალაქში, თავისუფლებისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე კაფე-ბარ „გოლდთან“ ს.პ.-მ და ა.მ.-მ ძალადობრივი ქმედებებით და ასეთი ქმედების მუქარით, ცეცხლსასროლი იარაღიდან და ხმოვანი პისტოლეტიდან არაერთი გასროლით გამოხატეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა და უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი.

„სამართალდამცველებმა ს.პ. და ა.მ. 28 მარტს დააკავეს. ს.პ.-ს და ა.მ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით (ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით და იარაღად სხვა საგნის გამოყენებით) წარედგინა. ს.პ.-ს და ა.მ. -ს მიმართ წარდგენილი ბრალდებები, სასჯელის სახედ და ზომად ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნთქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

სისხლის სამართლის საქმეზე  გამოძიება გრძელდება.