ახალქალაქში ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე დაკავებული ხუთი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
ახალქალაქში ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე დაკავებული ხუთი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

ახალქალაქში ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე დაკავებული ხუთი პირისთვის აღკვეთის ღონისძიების თაობაზე ახალქალაქის სასამართლო დღეს იმსჯელებს.

საგამოძიებო უწყებამ ხუთივე პირს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით წარუდგინა.

ძალადობაში ბრალდებულებს შორის ერთ-ერთი დეპუტატ ენზელ მკოიანის შვილია. ის ბრალს ნაწილობრივ აღიარებს.

რაც შეეხება ფიზიკური დაპირისპირების დროს დაშავებულებს, ექიმების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დაშავებულების უფლებადამცველის განცხადებით, მათ არ აქვთ მოლოდინი, რომ დღევანდელ პროცესზე სასამართლო ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას გამოიყენებს.

„იმის გათვალისწინებით, თუ რა სახის ბრალდება იქნა წარდგენილი, იმის გათვალისწინებით, რომ ყველაზე მსუბუქი კატეგორიის დანაშაული წარუდგინეს ბრალად ხუთივე პირს, მაშინ, როდესაც დაახლოებით შვიდი-რვა მუხლით უნდა შეფასებულიყო ამ ქმედების სისხლის სამართლებრივი კვალიფიკაცია, მათ შორის არის მძიმე მუხლები, რომელიც ითვალისწინებს ხუთ წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთას, ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ბრალდებულებს შეუფარდებენ არასაპატიმრო ღონისძიებას“, – განაცხადა ადვოკატმა.

ინციდენტში მონაწილე კიდევ ორ პირს გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავება.