ახალქალაქის სოფელ ხანდოში მდებარე ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ახალქალაქის სოფელ ხანდოში მდებარე ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოში მდებარე მე-10 საუკუნის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ეკლესია დარბაზული ნაგებობაა და იგი კარგად ნათალი კვადრებითაა ნაწყობი.

„გარშემოსავლელის სამხრეთ კედელზე, თაღის გვერდით ჩასმულია ასომთავრულით შესრულებული წარწერა – „ქრისტე შეიწყალე სამხარაი“. ხანდოს ეკლესიას ერთგვარ უნიკალურობას სძენს დარბაზში აღმართული ქვაჯვარა, რომელიც, როგორც ჩანს, იდგა და შემდეგ სწორედ მასზე ააშენეს ეკლესია. მასზეა მორგებული ეკლესიის დასავლეთის კარიც. ხანდოს ეკლესიას გააჩნია ძეგლის შემდეგი მახასიათებლები: სიძველე, არქიტექტურული ფორმა და დეტალები (კაპიტელები, თაღნარები, თაღოვანი სარკმლები, თაღით გახსნილი გარშემოსავლელი), პალეოგრაფიული ნიმუში, სალოცავის განსხვავებული ტიპი (ქვაჯვარა და სვეტების ნაწილები)“, – აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.