ახალქალაქის საავადმყოფოს ექიმი - ინციდენტის შემდეგ გუშინ ორმა პირმა განმეორებით მოგვმართა, ერთს ტემპერატურა, მეორეს კი წნევა ჰქონდა, თუმცა ახლობლებმა თბილისში გადაყვანა მოითხოვეს
ახალქალაქის საავადმყოფოს ექიმი - ინციდენტის შემდეგ გუშინ ორმა პირმა განმეორებით მოგვმართა, ერთს ტემპერატურა, მეორეს კი წნევა ჰქონდა, თუმცა ახლობლებმა თბილისში გადაყვანა მოითხოვეს

გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ორმა პირმა განმეორებით მოგვმართა, ერთს ტემპერატურა, მეორეს კი მომატებული წნევა ჰქონდა, თუმცა მათმა ახლობლებმა თბილისში გადაყვანა მოითხოვეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ახალქალაქის საავადმყოფოს ექიმმა, ალექსანდრ თოროიანმა განუცხადა.

„როგორც ცნობილია, გუშინდელ ინციდენტთან დაკავშირებით ჩვენს კლინიკას მომართა ოთხმა პაციენტმა. ოთხივე მათგანს გაეწია სათანადო, კვალიფიციური კონსულტაცია ექიმების, ქირურგის, თერაპევტის მიერ. იყო ​ნევროლოგისა და ოკულისტის კონსულტაცია. დადგინდა, რომ ერთი პაციენტის, აბრამიანის მდგომარეობა იყო საშუალო სიმძიმის. ჰქონდა სახის ძვლის მოტეხილობა. კომპიუტერული ტომოგრაფიის შემდეგ გადაწყდა მისი თბილისში გადაყვანა სახის ქირურგისა და ნეიროქირურგის კონსულტაციისთვის“, – განაცხადა ალექსანდრ თოროიანმა.

მისივე თქმით, დანარჩენი სამი პაციენტი დარჩა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, შესაბამისი ამბულატორიული მკურნალობის შემდეგ კი პაციენტებმა დაახლოებით 18:00 საათისთვის საკუთარი სურვილით დატოვეს საავადმყოფო.

„ღამის 12:00 საათისთვის გამოიძახეს მორიგე ექიმი და სასწრაფო და ორი პაციენტი მოიყვანეს განმეორებით. აშოტ რაისიანს ჰქონდა ტემპერატურული რეაქცია 37.5, დანარჩენი პარამეტრები წნევა, პულსი ნორმალური იყო. მეორე პაციენტს, მიშა აღაბალიანს ჰქონდა მომატებული წნევა, 140/70-ზე. მორიგე სამედიცინო პერსონალის მიერ გაწეული სამედიცინო დახმარებისა და მორიგი შემოწმების შემდეგ, ისევ ყველაფერი რიგზე იყო, ერთს ტემპერატურამ დაუწია, მეორეს წნევა ჩამოუვიდა 120-ზე, თუმცა ამის მიუხედავად, გავეცი რეკომენდაცია, დილამდე მაინც დარჩენილიყვნენ საავადმყოფოში. არ ვფიქრობ, რომ არის საჭირო, მაგრამ მშობლები და მეგობრები გარეთ იყვნენ და თქვეს, არ სურთ ახალციხის საავადმყოფოში დარჩენაო. მე ვიცი კიდევ ერთი დეტალი, რომ რადგან არ იყო სათანადო დიაგნოზი თბილისში გადასაყვანად, სახელმწიფო რეფერალურმა საავადმყოფომ უარი თქვა, მაგრამ მეორე კერძო კომპანიამ მიიღო“, – განაცხადა ალექსანდრ თოროიანმა.

​ექიმის თქმით, საშუალო სიმძიმის არის მხოლოდ ერთი პაციენტი, რომელიც მან თბილისში გაგზავნა, დანარჩენ ორს კი არანაირი დამატებითი მკურნალობა ამ ეტაპზე არ მიუღია.

„ყველა კონსულტაცია და გამოკვლევა, რომელიც მათ ჩაუტარდათ, ჩანს ამბულატორიულ ბარათებში. თუ იქნება პაციენტების წერილობითი თანხმობა, რომ მისცენ ან პოლიციას, ან პროკურატურას, ან ჟურნალისტებს, მზად ვართ გავასაჯაროოთ. მესამე, რომელიც თავის ფეხით წავიდა საავადმყოფოდან, ის როგორ აღმოჩნდა თბილისში, არ ვიცი. დღეს „რუსთავი 2“-ზე ვნახე. ვიცი, რომ ის არ არის განთავსებული კლინიკაში“, – განაცხადა ექიმმა ალექსანდრ თოროიანმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა გუშინ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მათ აქტივისტებს ახალქალაქში ფიზიკურად გაუსწორდნენ, რაშიც ნინოწმინდისა და ახალქალაქის მაჟორიტარ ენზელ მკოიანს ადანაშაულებდნენ.

ნინოწმინდისა და ახალქალაქის მაჟორიტარ ენზელ მკოიანის ძმა მარტინ მკოიანიმა გაავრცელა  სათვალთვალო კამერებით გადაღებული ვიდეომასალა, სადაც მისი თქმით, ჩანს, როგორ ხევენ და აზიანებენ მკოიანის ოჯახის კუთვნილ ბენზინგასამართ სადგურზე გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო მასალას.

ამასთან, ნინოწმინდისა და ახალქალაქის მაჟორიტარმა ენზელ მკოიანმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. პარლამენტის წევრის თქმით, ინციდენტი, რომელიც ახალქალაქში 29 ოქტომბერს, გვიან ღამით მოხდა, „ნაციონალური მოძრაობისა“ და გრიგოლ ვაშაძის შტაბის წევრების მიერ ორგანიზებული და მართული პროვოკაცია იყო.