ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიაში მდებარე მე-10 საუკუნის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიაში მდებარე მე-10 საუკუნის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიაში მდებარე მე-10 საუკუნის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, დარბაზული ეკლესია, სამხრეთის თანადროული მინაშენით, აგებულია მე-10 საუკუნეში, ხოლო გადაკეთებულია მე-19 საუკუნეში.

„ტაძრის მორთულობას წარმოადგენს დასავლეთის სარკმლის თავი ნახევარწრიული შუბლით, მინაშენის სამხრეთ კედელში ჩაშენებული სარკმლის თავი, რომელიც ოთხკუთხა გრეხილ ჩარჩოში ჩასმული კვარცხლბეკზე აღმართული ჯვრის რელიეფითაა გაფორმებული (მეორადი გამოყენებისაა, რადგან სარკმელი მხოლოდ ამ ქვის ჭრილია და ქვემოთ არ გრძელდება) და ამავე კედელში ჩასმული მზის საათი ქართული ასომთავრული ასოებით, რომელიც ასევე მეორადი გამოყენებით, თავდაყირაა აქ ჩასმული.
ტაძარს ჩრდილოეთიდან მიდგმული აქვს ნატეხი ქვით ნაგები ნაგებობა, რომელსაც ჩრდილოეთისკენ ნახევარწრიული შვერილი აქვს. ნაგებობა ერთი მეტრის სიმაღლეზეა დანგრეული და მისი ფუნქციის გარკვევა ჭირს. მის კედლებში სხვადასხვა არქიტექტურული დეტალებია ჩატანებული.

ტაძარს დანარჩენი მხრიდან გვიან აგებული ქვის გალავანი აქვს.

ეკლესია გადაკეთებულია, დადაბლებულია. ინტერიერი შელესილი, რის დროსაც დაიკარგა ძეგლის არქიტექტურული დეტალები, მინაშენის აბსიდა ამოშენებული, დაგებულია ახალი იატაკი. არ აქვს ლორფინის სახურავი“, – აღნიშნულია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.