ახალქალაქის ინციდენტისას დაშავებულებს საავადმყოფოდან ხვალ გაწერენ
ახალქალაქის ინციდენტისას დაშავებულებს საავადმყოფოდან ხვალ გაწერენ

ახალქალაქში დაშავებულ პაციენტებს ტრავმატოლოგიური ჰოსპიტლიდან ხვალ გაწერენ.

როგორც ექიმმა ბუბა შალამბერიძემ განაცხადა, მათი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და ხვალ ოთხივე პაციენტი კლინიკას დატოვებს.

„მათი მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესებულია. რაიმე გართულებას ადგილი არ აქვს. აგრძელებენ მკურნალობას. ხვალ ალბათ გავწერთ სახლში“, – განაცხადა ბუბა შალამბერიძემ.

კითხვაზე, იყო თუ არა საჭირო დაშავებულების თბილისში გადმოყვანა, ექიმმა განაცხადა: „ვერ გეტყვით. პრინციპში მსგავსი პათოლოგიის მკურნალობა რეგიონებშიც შეიძლება, რა დაზიანებაც მათ ჰქონდათ“.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მათ აქტივისტებს ახალქალაქში ფიზიკურად გაუსწორდნენ, რაშიც ნინოწმინდისა და ახალქალაქის მაჟორიტარ ენზელ მკოიანს ადანაშაულებდნენ.

ნინოწმინდისა და ახალქალაქის მაჟორიტარ ენზელ მკოიანის ძმა მარტინ მკოიანიმა გაავრცელა  სათვალთვალო კამერებით გადაღებული ვიდეომასალა, სადაც მისი თქმით, ჩანს, როგორ ხევენ და აზიანებენ მკოიანის ოჯახის კუთვნილ ბენზინგასამართ სადგურზე გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო მასალას.

ამასთან, ნინოწმინდისა და ახალქალაქის მაჟორიტარმა ენზელ მკოიანმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. პარლამენტის წევრის თქმით, ინციდენტი, რომელიც ახალქალაქში 29 ოქტომბერს, გვიან ღამით მოხდა, „ნაციონალური მოძრაობისა“ და გრიგოლ ვაშაძის შტაბის წევრების მიერ ორგანიზებული და მართული პროვოკაცია იყო.