ახალი ზლატანი – ეს არის მეტსახელი, რომელიც შვედური და მთლიანად ევროპული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავს ჯერ კიდევ ბავშობაში შეარქვეს. 21 წლის ალექსანდერ ისაკმა გრანდების ინტერესი ჯერ კიდევ 16 წლის ასაკში გამოიწვია – „ბარსელონა“, „რეალი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“. ეს იმ კლუბების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც შვედის გადაბირებას ჯერ კიდევ თინეიჯერულ ასაკში ცდილობდნენ.
რომ არა გარემო და ქვეყანა, რომელში ცხოვრებაც მისი მშობლების ახლადშექმნილ ოჯახს უწევდა, მსოფლიო ფეხბურთს ალექსანდერ ისაკი ალბათ არ ეყოლებოდა. ისაკის ოჯახი აფრიკის ჩრდილო აღმოსავლეთით, წითელი ზღვის სანაპიროზე მდებარე ერითრიიდან არის, ქვეყანაში რომელშიც „ჰუმან რაით ვოჩის“ მონაცემებით ადამიანის უფლებები ყველაზე ნაკლებადაა დაცული. სწორედ ამას გამოექცნენ მისი მშობლები, ემიგრაციაში შვედეთში წავიდნენ, სადაც სოლნაში დასახლდნენ და 1999 წელს ალექსანდერიც სწორედ იქ დაიბადა.
სკოლაში შესვლასთან ერთად ის აიკის საფეხბურთო სკოლაშიც ჩაირიცხა და მისი ნიჭიც შეუმჩნეველი არ დარჩენილა. იგი თანატოლებზე მუდმივად ერთი თავით მაღლა იდგა, რამაც ძირითად გუნდში ადრეულ ასაკშივე დაწინაურება გამოიწვია და რამდენიმე რეკორდიც შედგა. 2016 წლის მარტში მას დებიუტი სათასო შეხვედრაში, 16 წლის ასაკში ჰქონდა. აპრილში კი მან ჩემპიონატის მატჩში „ესტერსუნდთან“ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და სადებიუტო გოლიც გაიტანა. ამ დროს ისაკი 16 წლის და 199 დღის იყო და ეს მაჩვენებლი შვედური ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორის სტატუსს დღემდე უნარჩუნებს. აქედან ერთ თვეში ისაკმა „აიკთან“ პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა. ერთი წლის შემდეგ კი, როგორც ხშირად ხდება, ახალგაზრდა ტალანტისთვის ბრძოლაში დორტმუნდის „ბორუსიამ“ გაიმარჯვა და „აიკისთვის“ გადახდილი 9 მილიონი ევროს სანაცვლოდ ალექსანდერმა 14-ნომრიანი ყვითელი მაისურით თამაში დაიწყო. ტუხელის „ბორუსიაში“ ისაკს დიდი ნდობა არ ჰქონია და მხოლოდ ხუთი შეხვედრა ჩაატარა, თუმცა გერმანიის თასის გამარჯვებული და ოქროს მედლის მფლობელი გახდა, რის შემდეგაც გერმანელებმა ის „ერედივიზიონში“, კონკრეტულად კი „ვიელემ მეორეში“ გაანათხოვრეს.
სწორედ ნიდერლანდებში დაიწყო ვარსკვლავის გაბრწყინება. მან საწყის 12 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 12-ჯერ აიღო, ასეთი შედეგი კი ერედივიზიონში ისეთ ვარსკვლავებსაც არ ჰქონიათ როგორებიც, ბრაზილიელები რონალდო და რომარიო, ურუგვაელი სუარესი ან თუნდაც მისივე კუმირი ზლატან იბრაჰიმოვიჩი იყვნენ. სულ ისაკმა ვილემის შემადგენლობაში 16 მატჩის ჩატარება მოასწრო, 13-ჯერ გაიტანა და შვიდი საგოლე გადაცემა გააკეთა, რის შემდეგაც მისი საკონტრაქტო უფლებები დორტმუნდისგან „რეალ სოსიედადმა“ გამოისყიდა და 19 წლის ისაკიც ბასკეთში გადაბარგდა.
2019 წლიდან დღემდე „სოსიედადის“ მაისურა ისაკმა 89 თამაშში მოირგო და 33-ჯერ გაიტანა, აქედან 26-ჯერ „ლა ლიგაში“. 17 გოლი უკანასკნელ სეზონზე მოდის, რამაც „სოსიედადის“ მიერ „ევროპა ლიგის“ ჯგუფური ეტაპის საგზურის მოპოვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
მიუხედავად იმისა, რომ ალექსანედრი შვედეთში დაიბადა მისთვის წარმომავლობა დღემდე მნიშვნელოვანია. ერითრეის დედაქალქ ასამაში უკვე გახსნა საფეხბურთო სკოლა, სადაც ქვეყანაში იშვიათი ბალახის საფარიანი მოედნებია. ის აფრიკაში თითქმის ყოველ წელს ჩადის, სხვადასხვა ქვეყანაში ბავშვებს ეხმარება და პირდად ხვდება, ამიტომაც, როგორც ერითრეიში, ასევე მთლიანად კონტინენტზე მოზარდების კუმირია. თავისუფალ დროს ატარებს როგორც ჩვეულებრივი ახალგაზრდა და ვარსკვლავის სინდრომით შეპყრობილი არ არის. არ ცხოვრობს ფუფუნებაში, როგორც მილიონერი, ამის შესაძლებლობა კი ნამდვილად აქვს.
რაც შეეხება მის სანაკრებო კარიერას, ისაკს შვედეთის ყველა ასკობრივ ნაკრებში უთამაშია, მათ შორის 19 წლამდელთა შემადგენლობაში, თბილისსა და გორში გამართულ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე. ეროვნულ ნაკრებში კი მისი დებიუტი 2017 წლის 8 იანვარს, კოტ დიუვარის წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში შედგა. ოთხი დღის შემდეგ კი სლოვაკეთთან მატჩში ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშა და საბოლოოდ 6-0 მოგებულ შეხვედრაში ანგარაში სწორედ მან გახსნა. დღეისთვის, 21 წლის ალექსანდერ ისაკს შვედეთის ეროვნული გუნდის მაისური უკვე 26-ჯერ აქვს მორგებული და მის ანგარიშზე ხუთი გოლია. მიმდინარე ევროპირველობაზე ისაკი გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო, რასაც ის ფაქტიც ამტკიცებს, რომ სლოვაკეთთან მოგებულ შეხვედრაში მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.