ახალი ზელანდია პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მინისტრებს არ გაგზავნის
ახალი ზელანდია პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მინისტრების დონეზე წარმომადგენლებს არ გაგზავნის. ქვეყნის ვიცე-პრემიერმა, გრანტ რობერტსონმა ამის მიზეზად „კოვიდ-19“-ის პანდემია დაასახელა. რობერტსონის თქმით, ეს გადაწყვეტილება აშშ-ის დიპლომატიურ ბოიკოტს არ უკავშირდება.
„ჩვენ უკვე მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ მინისტრების დონეზე იქ წარმოდგენილები არ ვიქნებით“, – განაცხადა ახალი ზელანდიის ვიცე-პრემერმა.
„მრავალი ფაქტორი იყო, თუმცა უპირველესი კოვიდს უკავშირდება და იმ ფაქტს, რომ მოგზაურობის ლოჯისტიკა და კოვიდთან დაკავშირებული სიტუაცია არახელსაყრელია ამგვარი ვიზიტებისთვის“, – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ ახალი ზელანდიის გადაწყვეტილების შესახებ ჩინეთს ჯერ კიდევ ოქტომბერში აცნობეს.
ამასთან, ახალი ზელანდიის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ქვეყანამ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული პრობლემების საკითხი ჩინეთთან წარსულში დააყენა.
„ჩვენ ჩინეთს არაერთხელ მკაფიოდ ვაცნობეთ ჩვენი შეშფოთება ადამიანის უფლებების საკითხზე, უკანასკნელად პრემიერ-მინისტრის პრეზიდენტ სი ძინპინთან საუბრისას. მათთვის კარგად ცნობილია ჩვენი პოზიცია ადამიანის უფლებებზე, თუმცა უკვე მივიღეთ არდასწრების გადაწყვეტილება“, – განაცხადა რობერტსონმა.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ პეკინში დაგეგმილ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს დიპლომატიური ბოიკოტი გამოუცხადა, რაც ნიშნავს, რომ ოლიმპიადას არ დაესწრება აშშ-ის ოფიციალური დელეგაცია, თუმცა ამერიკელი სპორტსმენები თამაშებში მონაწილეობას მიიღებენ.
თეთრი სახლის წარმომადგენელი პეკინის ზამთრის ოლიმპიადის დიპლომატიური ბოიკოტის გადაწყვეტილებას ჩინეთში ადამიანის უფლებების დარღვევებით ხსნის. კერძოდ, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ჩინეთის ხელისუფლებას მასობრივი დაკავების ბანაკების შექმნაში და იუღურებისა და სხვა მუსლიმი უმცირესობების წარმომადგენლების იძულებითი სტერილიზაციის კამპანიის წარმოებაში სდებს ბრალს.