ახალი ზელანდია ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდა
ახალი ზელანდია ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდა

ახალი ზელანდია ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდა. ინფორმაციას სააგენტო „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ნანაია მაჰუტას განცხადებით, ქვეყანა შეწყვეტს ვიზების გაცემას და აუკრძალავს მის ტერიტორიაზე შესვლას იმ პირებს, ვინც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებაში და არჩევნების შემდეგ გამართული საპროტესტო აქციების დროს, ადამიანის უფლებების დარღვევაში იღებდნენ მონაწილეობას.

ახალი ზელანდიის „შავ სიაში“ 50-ზე მეტი ოფიციალური პირი მოხვდა, მათ შორის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო და მისი ადმინისტრაციის თანამშრომლები. გარდა ამისა, სანქციები დაუწესდა საარჩევნო კომისიისა და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს.

ველინგტონმა 23 მაისს „რაინეარის“ თვითმფრინავის იძულებით დასმა და ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის დაპატიმრება დაგმო და ბელარუსის ხელისუფლებას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ და ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტების დაცვისკენ მოუწოდა.