ახალი ზელანდია 37 - 20 ავსტრალია | ბლედისლოეს თასი [ვიდეო]
ახალი ზელანდია 37 - 20 ავსტრალია | ბლედისლოეს თასი [ვიდეო]

ახალმა ზელანდიამ ავსტრალია „ბლედისლოეს თასის“ მესამე შეხვედრაშიც დაამარცხა. პირველი ორი მატჩი „რაგბი ჩემფიონშიფის“ ფარგლებში გაიმართა და ორივე მათგანში „შავებმა“ იმარჯვეს (38:13; 40:12).

გუნდებს შორის მესამე დაპირისპირება იაპონიაში, იოკოჰამას „ნისან სთედიუმზე“ გაიმართა. თამაში, როგორც მოსალოდნელი იყო სანახაობრივი და დაძაბული გამოდგა.

შეხვედრის სტარტზე ახალ ზელანდიელები ლიამ სქვაირის ლელოთი დაწინაურდნენ. 36-ე წუთამდე გუნდებმა თითო ჯარიმა გაცვალეს. ტაიმის დამთავრებამდე ოთხი წუთით ადრე, ავსტრალიის ხუთ მეტრიან ზონაში შერკინება დაინიშნა. ახალ ზელანდიელები მეტოქეს მიაწვნენ, რამაც ქირენ რიდს კარგი შესატევი პლაცდარმი შეუქმნა და „ოლ ბლექსის“ რვიანმა შეხვედრის მეორე ლელო დადო. პირველი ტაიმი თითქოს ამ ანგარიშით უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ბოლო წამებზე უკვე ავსტრალიელებმა აკინძეს ფაზები და მეტოქის 22 მეტრიან ზონაში შეაღწიეს. მრავალფაზიანი იერიში ნაივალუს ლელოთი დასრულდა – 17:10.

არანაკლებ საინტერესო გამოდგა შეხვედრის მეორე ნახევარი. ბერნარდ ფოლიმ ზუსტი საჯარიმოთი ანგარიშში სხვაობა ოთხ ქულამდე შეამცირა, მაგრამ ახალმა ზელანდიამ კომფორტული უპირატესობა ბოდენ ბარეტის ლელოთი დაიბრუნა, რომელიც თავადვე გარდასახა.

მატჩის დასრულებამდე 10 წუთი რჩებოდა, როდესაც ავსტრალია ბენ სმიტმაც დაალელოვა და თამაშის ბედი საბოლოოდ გადაწყდა – 32:13.

76-ე წუთზე ისრაელ ფოლაუმ დადო ლელო და ტაბლოზე გამოსახულ ციფრებს რესპექტაბელურობა შესძინა, თუმცა მატჩის დასრულებამდე „ვოლაბების“ გულშემატკივრები რეიკო იოანემაც დაამწუხრა და საბოლოო ანგარიში 37:20 დააფიქსირა.