ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი დედაქალაქის მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება
ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი დედაქალაქის მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება

ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი დედაქალაქის მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, 31 დეკემბერს, თბილისის „მეტროპოლიტენის“, ავტობუსებისა და საბაგირო „რიყე-ნარიყალას“ სამუშაო საათები გახანგრძლივდება და უფასო იქნება.

„ამ რეჟიმში მეტროპოლიტენი და ავტობუსები იმუშავებს 31 დეკემბრის 23:00 საათიდან პირველი იანვრის 04:00 საათამდე, ხოლო საბაგირო – 03:00 საათამდე.

დედაქალაქში 74 მარშრუტზე 156 ერთეულამდე ავტობუსი ძირითადად, 30-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს. ისინი მგზავრებს სადღესასწაულო ღონისძიებების ადგილამდე, პირველი რესპუბლიკის მოედნამდე, ასევე, მეტროსადგურებამდე და ცენტრალურ სატრანსპორტო კვანძებამდე გადაიყვანენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, მისი თქმით, მეტროპოლიტენი მგზავრებს შობის ღამესაც გახანგრძლივებული გრაფიკით, უფასოდ მოემსახურება – 7 იანვრის 00:00 საათიდან 7 იანვრის 04:00 საათამდე.