ახალი ტენდერის დასრულებამდე, სახელმწიფო უწყებები საკომუნიკაციო მომსახურებას ძველი პირობებით მიიღებენ
ახალი ტენდერის დასრულებამდე, სახელმწიფო უწყებები საკომუნიკაციო მომსახურებას ძველი პირობებით მიიღებენ. აღნიშნული განცხადება შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ძველი ტენდერის ვადა 31 იანვარს იწურება. შესყიდვების სააგენტოს ცნობით, ამის შემდეგ მომსახურების შესყიდვა შესაძლებელია წინა წლის ტარიფებისა და პირობების შესაბამისად გაგრძელდეს.
„მომსახურების მიღება შეგიძლიათ 2019-2020 წლის კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადებამდე, შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმებისა და პორტირების პროცედურების დასრულებამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2019 წლის 1 აპრილისა, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე“, – აღნიშნულია ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
2018-2019 წლის კონსოლიდირებულ ტენდერში ბაზარზე მოქმედმა სამივე მობილური კავშირგაბმულობის კომპანიამ გაიმარჯვა – „მაგთიკომმა“, „ჯეოსელმა“ და „ვიონი საქართველომ“ („ბილაინი“). აღნიშნული კომპანიები სახელმწიფო უწყებების დაახლოებით 260 ათას თანამშრომელს ემსახურებიან.