ახალი შეზღუდვები მძღოლებისთვის - პარლამენტში „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებს განიხილავენ
ახალი შეზღუდვები მძღოლებისთვის - პარლამენტში „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებს განიხილავენ

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის 7 ნოემბრის სხდომაზე „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებს განიხილავენ, რომლის გათვალისწინებით, სამ თვეზე მეტი ვადით გზებზე მიტოვებული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე 50 ლარით დაჯარიმდება.

ცვლილებებით, რომლის ინიცირება რამდენიმე კვირის წინ მოხდა, იკრძალება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისთვის განკუთვნილ მოძრაობის სპეციალურ ზონაში სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

ამას გარდა, პროექტით, ველოსიპედის ბილიკზე ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე იკრძალება სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

„საქართველოს ტერიტორიებზე გახშირებულია წყობიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებების გზებზე მიტოვება. საქართველოს საკანონმდებლო სივრცე ამ პრობლემის მოგვარებისთვის შესაბამისს რეგულაციას არ ითვალისწინებს. შესაბამისად, მიზანშეწონილია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითმა ორგანოებმა შესაბამისი წესი შეიმუშაონ, რომელიც დაადგენს, რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სატრანსპორტო საშუალება მიტოვებულად“, – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

ცვლილებების ავტორები არიან გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა და უმრავლესობის წევრი გოგა გულორდავა.