სოფელ რუხში შესაძლოა, სპეციალური ეკონომიკური სივრცე შეიქმნას
სოფელ რუხში შესაძლოა, სპეციალური ეკონომიკური სივრცე შეიქმნას

სოფელ რუხში შესაძლოა, სპეციალური ეკონომიკური სივრცე შეიქმნას – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მიერ დღეს წარმოდგენილ ახალ სამშვიდობო ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

ციხელაშვილის თქმით, საგადასახადო კოდექსში შედის ცვლილებები, რომლის თანახმად ნებისმიერ პირს, მათ შორის პირადი ნომრით რეგისტრირებულს, შესაძლებლობა ექნება, სპეციალური საწარმოს სტატუსით დარეგისტრირდეს. მას შესაძლებლობა ექნება, სავაჭრო ოპერაციები გამყოფი ხაზების გასწვრივ საგადასახადო შეღავათებით განახორციელოს.

მისივე თქმით, საკანონმდებლო ცვლილებები არ სჭირდება, მაგრამ დოკუმენტში გათვალისწინებულია სხვა მნიშვნელოვანი ასპექტები.

„მაგალითად, ეს არის შესაბამისი ინფრასტრუქტურის განთავსება გამყოფი ხაზების გასწვრივ – სპეციალური ეკონომიკური სივრცე, სადაც განთავსდება ერთი ფანჯრის პრინციპით მომსახურება, რომელიც შესაძლებელი იქნება ელექტრონული ფორმითაც.

ვფიქრობთ, ასეთი სივრცე პირველ ეტაპზე სოფელ რუხში განთავსდეს, სადაც უკვე არსებობს გარკვეული ინფრასტრუქტურა. თქვენ იცით, რომ იქ უკვე მიმდინარეობს მრავალპროფილური კლინიკის მშენებლობა. მაგრამ, რა თქმა უნდა, ამ სივრცის სრულად განთავსება გამყოფი ხაზების სხვა მონაკვეთებზეც განიხილება, იქიდან გამომდინარე, რამდენად იქნება შესაძლებელი გადაადგილების თავისუფლება“, – აღნიშნა ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, ასევე, განიხილება პოტენციურად თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნა, თუმცა ეს უფრო ოფციაა და მისი განთავსება და დანიშნულება გამართლებული იმ შემთხვევაში იქნება, როდესაც იქ წარმოებული პროდუქციის შემდგომ გადამუშავებაზე მოთხოვნა გაჩნდება, რათა საშეღავათო მომსახურებით ისარგებლოს და ასე მოხვდეს შიდა სავაჭრო ქსელებში.

„ასევე, დაგეგმილია დამოუკიდებელი ფონდის შექმნა, დონორების და კერძო ორგანიზაციების რესურსებით, რომელსაც განკარგავს დამოუკიდებელი საბჭო, საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტთა შემადგენლობით და ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან – ევროკავშირთან და სხვა პარტნიორებთან, რათა ამოქმედდეს სხვადასხვა ჰუმანიტარული და საგრანტო პროგრამები, რაც დაეხმარება ამ ინიციატივას რეალური ამოქმედებისთვის“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ახალი სამშვიდობო ინიციატივა –  „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ წარადგინა, რომელიც სამ მიმართულებას გულისხმობს: პირველი მიმართულება – ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის გაფართოება და გამარტივება ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით;  მეორე მიმართულება – ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა და წვდომის გამარტივება განათლების ყველა საფეხურზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ;  მესამე მიმართულება კი, ისეთი მექანიზმის შექმნაა, რომლითაც მარტივდება წვდომა იმ სიკეთეებსა და სარგებელზე, რომლებიც ქვეყნის განვითარების შედეგად, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე ხელმისაწვდომი გახდა – ეს არის უვიზო მიმოსვლის უფლება, თავისუფალი ვაჭრობის უფლება და ა.შ.