ახალი საფეხბურთო სკოლა დიდი გეგმებით - „ატლეტიკის“ დამფუძნებელი თბილისსა და ნატახტარში საფეხბურთო მოედნების მოწყობას აპირებს #1TVSPORT
საფეხბურთო სკოლა „ატლეტიკის“ დამფუძნებელი, გიორგი გოგისვანიძე თბილისში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო აკადემიის შექმნას გეგმავს, ხოლო ნატახტარში ისეთი ბაზის აშენებას, რომლითაც უცხოური გუდნებიც ისარგებლებენ – ამის შესახებ მან საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.
„საქართველოში ბევრი ნიჭიერი ბავშვია და აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე, რომ ქართული ფეხბურთის განვითარებაში პატარა წვლილი შევიტანო. სამი წელი ქობულეთის „შუქურაში“ ვიყავი, ეს საკმაოდ პერსპექტიული პროექტი იყო, უბრალოდ, მიზეზების გამო განუხორციელებელი დარჩა და წამოსვლა ვამჯობინე.
გადავწყვიტე, დავბრუნებოდით ბავშვთა ფეხბურთის პროექტს, რომლითაც 2015 წელს ფეხბურთში შემოსვლის სურვილი გვქონდა. დავაფუძნეთ საფეხბურთო სკოლა „ატლეტიკი“, რომლის მთავარი მწვრთნელი ახლო წარსულში საქართველოს ნაკრების და თბილისის „დინამოს“ მცველი, გიორგი შაშიაშვილია.
ჩვენი ჩანაფიქრია ისეთი საფეხბურთო აკადემია დავაარსოთ, რომლის საფუძველზეც პროფესიული საფეხბურთო კლუბი შეიქმნება. ტერიტორიასთან დაკავშირებით მოლაპარაკება დასკვნით ფაზაშია და იმედია, კარგად დასრულდება. ამას გარდა, 2015 წელს, როდესაც კლუბისა და აკადემიის შექმნა გადავწყვიტე, ნატახტარში საკმაოდ დიდი მიწის ნაკვეთი შევიძინე.
აკადემია თბილისში იქნება, ხოლო ნატახტარში უმაღლესი დონის საწვრთნელი ბაზის აშენება გვსურს, რომელიც ბავშვთა გუნდების გარდა, ეროვნული ლიგის კლუბებსაც მოემსახურება.
საწვრთნელი ბაზა ექვსმოედნიანი იქნება, იქვე აშენდება პატარა სასტუმრო, რესტორანი, ფიტნეს, ვიდეოგანხილვისა და საპრესკონფერენციო დარბაზები, სადაც შეკრებაზე მაღალი დონის უცხოური გუნდებიც მოემზადებიან“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან გიორგი გოგისვანიძე.