„იუვენტუსის“, „ლივერპულისა“ და „დორტმუნდის“ წინააღმდეგ - თბილისის „ატლეტიკი“ კვიპროსულ ტურნირზე მიიწვიეს #1TVSPORT
„იუვენტუსის“, „ლივერპულისა“ და „დორტმუნდის“ წინააღმდეგ - თბილისის „ატლეტიკი“ კვიპროსულ ტურნირზე მიიწვიეს #1TVSPORT

ცოტა ხნის წინ დაარსებული საფეხბურთო სკოლა „ატლეტიკი“ უახლოეს პერიოდში საერთაშორისო ტურნირზე ითამაშებს, სადაც ევროპული ფეხბურთის გრანდების მომავალი თაობაც იასპარეზებს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან სკოლის დამფუძნებელმა, გიორგი გოგისვანიძემ ისაუბრა.

„იანვარში თბილისში საერთაშორისო ტურნირი ჩატარდება, სადაც, „ატლეტიკის“ გარდა, ევროპული ფეხბურთის გრანდების, ტურინის „იუვენტუსის“, „ლივერპულის“, „დორტმუნდისა“ და ადგილობრივები საფეხბურთო გუნდების აკადემიები ითამაშებენ.

კიდევ ერთი ტურნირი 25 მარტიდან 29 მარტამდე ჩატარდება კვიპროსში. ამ ქვეყანას ბოლო სამ თვეში მეორედ ვესტუმრებით. დეკემბერში იქ შეკრება ჰქონდათ ჩვენს 14-წლამდელებს, სადაც დავამარცხეთ „იუვენტუსის“, „ლივერპულის“, „ლოს ანჯელეს გალაქსისა“ და ლიმასოლის „არისის“ აკადემიები.

თუმცა ამჯერად იქნება თამაშები 11/11 ფორმატით. ტურნირს პაფოსი მასპინძლობს, მატჩები კი ამ კლუბის ბაზაზე გაიმართება. გათამაშება შედგება 14-წლამდელთა გუნდებში. შარშანდელი ტურნირი „ბაიერნმა“ მოიგო.

შეჯიბრებაზე გამგზავრებას მაისშიც ვაპირებთ, რადგან ბავშვები უცხოეთში ხშირი თამაშებით იზრდებიან, ისინი კლასს აიმაღლებენ და ევროპულ ფეხბურთს პატარა ასაკიდან შეეჩვევიან. ჩვენი მიზანი სწორედ ისაა, რომ „იუვენტუსის“ და „ლივერპულის“ მოთხოვნები დროულად გაითავისონ, რათა მათთან თამაში აღარ გაუჭირდეთ“, – ამბობს გიორგი გოგისვანიძე.