ახალი საფეხბურთო სკოლა ბათუმში - „პორტუს ბათუმი“ გერმანელებთან პარტნიორობის შედეგია
ბათუმში ახალი საფეხბურთო კლუბი „პორტუს ბათუმი“ ჩამოყალიბდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან საფეხბურთო სკოლის დამფუძნებელმა, ჯაბა ჭანტურიამ განაცხადა.
ის აჭარის საპლაჟო ფეხბურთის ფედერაციისა და ბათუმის „დინამოს“ ქვიშის ფეხბურთის გუნდის პრეზიდენტია. ჯაბა ჭანტურია აცხადებს, რომ ახალი საფეხბურთო სკოლა აჭარაში არსებულ საფეხბურთო პოტენციალის ათვისებას შეეცდება.
„პორტუს ბათუმის“ ერთ-ერთი მიმართულება ბავშვთა მაღალი დონის საერთაშორისო ტურნირებსა და ფესტივალებში მონაწილეობა იქნება. სამომავლოდ კლუბის ბაზაზე ქვიშის ფეხბურთის და ფუტსალის გუნდების შექმნა იგეგმება“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ჯაბა ჭანტურია.
ჭანტურია სკოლის მომავალს იმედიანად უყურებს: „საქართველოში გავხდი გერმანული კომპანიის, „მასტერ კლასს პერფორმანცეს“ წარმომადგენელი, რომელიც საფეხბურთო ტექნოლოგიებს ჰყიდის. ეს მოხდა 5 თვის წინ და ტექნოლოგიების გაცნობამ გადამაწყვეტინა საფეხბურთო სკოლის დაფუძნება, სადაც თაობებს სხვადასხვა თანამედროვე მეთოდების გამოყენებით გავზრდით. ეს საქართველოსთვის სიახლე იქნება და მჯერა, ჩვენს სკოლაში გაზრდილ ბავშვებს დიდი მომავალი ექნებათ“.
ჭანტურია განმარტავს, საფეხბურთო კლუბი „პორტუს ბათუმი“ რატომ იქნება სხვა სკოლებისგან გამორჩეული: „ახალი სკოლა ახლებურ მეთოდოლოგიას დანერგავს. საფეხბურთო სკოლა განსხვავებული იქნება იმით, რომ გვეყოლება მცირე ჯგუფები და ვარჯიშზე 3-4 ლიცენზირებული მწვრთნელი იმუშავებს. ასევე აქტიურად იქნება გამოყენებული სხვადასხვა სხვადასხვა საფეხბურთო ტექნოლოგიები ფიზიკური, ტექნიკური და ტაქტიკური ანალიზის კონტროლისთვის. საწყის ეტაპზე, ჩვენი გუნდები ბათუმში არსებულ ხელოვნურსაფარიან მოედნებზე ივარჯიშებენ, სამომავლოდ კი გეგმაში მოედნების მოწყობა გვაქვს“.