ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი მსოფლიოში მილიონს უახლოვდება
ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი მსოფლიოში მილიონს უახლოვდება

ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი მსოფლიოში მილიონს უახლოვდება. ბოლო მონაცემებით, რეგისტრირებულია 937 091 შემთხვევა. ვირუსს მსოფლიოში 47 231 ადამიანი ემსხვერპლა. გამოჯანმრთელება კი 193 764-მა შეძლო.

200 ათასს გადააჭარბა ინფიცირებულთა რიცხვმა აშშ-ში. გარდაცვლილია 4450-მეტი ადამიანი, აქედან ორი ათასი მხოლოდ ნიუ იორკშია, სადაც ყველაზე რთული ვითარებაა. ყველაზე პატარა პაციენტი კი ექვსი კვირის ჩვილია, რომელიც ვირუსისგან კონექტიკუტის შტატში გარდაიცვალა. ვიცე პრეზიდენტის, მაიკ პენსის განცხადებით, ქვეყანაში ვითარების გამოსწორებას ივნისის დასაწყისიდან ელოდებიან. აშშ-ში სამედიცინო აღჭურვილობა, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატები და ისეთი აუცილებელი საგნები, როგორიცაა ხელთათმანები, ნიღბები და ხალათები რუსეთმა ჩაიტანა. აღჭურვილობის შესყიდვაზე დონალდ ტრამპი, ვლადიმირ პუტინს, 30 მარტს შემდგარი სატელეფონო საუბრის დროს შეუთანხმდა.

გასული დღე ღამის განმავლობაში 727-ით გაიზარდა იტალიაში  კორონავირუსით  გარდაცვლილთა  რიცხვი. ეს 26 მარტის შემდეგ, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. საერთო ჯამში კი,  დაღუპულია  13 155  ადამიანი.  სულ კი  „კოვიდ 19“-ით ინფიცირებული ქვეყანაში 110 574 ადამიანია.

ესპანეთში ინფიცირებულთა რიცხვი 104 ათასამდე გაიზარდა. გარდაცვლილია 9387 ადამიანი.

გაერთიანებულ სამეფოში ერთ დღეში გარდაცვლილთა რიცხვმა 563 შეადგინა. ინფიცირებულია 30 ათასამდე ადამიანი,   გარდაცვლილია  2357.

საფრანგეთში „კოვიდ 19“-ით გარდაცვლილთა რიცხვმა ოთხი ათასს გადააჭარბა.  გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს 509 ადამიანი ემსხვერპლა, საერთო ჯამში დაღუპულთა ოდენობამ 4032 შეადგინა. ინფიცირებულია 56 989 ადამიანი. მათგან ექვსი ათასის მდგომარეობა მძიმეა. ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.

ისრაელში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 6092 შეადგენს. გარდაცვლილია 26 ადამიანი.  ვირუსი ისრაელის ჯანდაცვის მინისტრსა და მის მეუღლესაც   დაუდგინდათ.  პრემიერ-მინისტრმა  ბენიამინ ნეთანიაჰუმ კი 15-დღიანი ნებაყოფლობითი კარანტინი დატოვა.

ინფიცირების 89 ახალი შემთხვევა გამოვლინდა სამხრეთ კორეაში. დაავადებულთა მაჩვენებელი 10 ათასს აღწევს.