სამობილიზაციოსთან ერთად, საქართველოში ნებაყოფლობითი, საკონტრაქტო და ანაზღაურებადი რეზერვი იქნება
სამობილიზაციოსთან ერთად, საქართველოში ნებაყოფლობითი, საკონტრაქტო და ანაზღაურებადი რეზერვი იქნება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალი კონცეფცია სამობილიზაციო რეზერვთან ერთად აქტიური რეზერვის სამი სხვადასხვა სახეს ითვალისწინებს, ეს არის – ნებაყოფლობითი, საკონტრაქტო და ანაზღაურებადი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, თავდაცვის სამინისტროს ახალი კონცეფცია ტოტალურ თავდაცვაში საქართველოს მოქალაქეების ჩართულობას და სამობილიზაციო რესურსის ოპტიმალურად გამოყენებას ითვალისწინებს.

“ერთი რამ ცხადია, უახლესმა ისტორიამაც ნათლად აჩვენა, რომ მოქმედი რეზერვის და მობილიზაციის სისტემა საჭიროებს სერიოზულ გარდაქმნას, დახვეწას და ძლიერი სარეზერვო სისტემა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 

ახალი კონცეფცია ტოტალურ თავდაცვაში საქართველოს მოქალაქეების ჩართულობას და სამობილიზაციო რესურსის ოპტიმალურად გამოყენებას ითვალისწინებს. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ სამობილიზაციო რეზერვთან ერთად აქტიური რეზერვის სამი სხვადასხვა სახე არის გათვალისწინებული ახალი კონცეფციის მიხედვით, ეს არის – ნებაყოფლობითი, საკონტრაქტო და ანაზღაურებადი. ჩვენ ეს სისტემა საშუალებას გვაძლევს, რომ საქართველოს მოქალაქემ თავისი ადგილი ამ სისტემაში ისე მოძებნოს, რომ ის არ მოწყდეს სამოქალაქო აქტივობას, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი.

მინდა, მადლობა გადავუხადო თავდაცვის სამინისტროს და პირადად მინისტრს, ლევან იზორიას გაწეული სამუშაოსთვის. დარწმუნებული ვარ, რომ საპარლამენტო განხილვები, რომელიც დღევანდელი დღიდან დაიწყება, იქნება ძალიან პროდუქტიული. დარწმუნებული ვარ, პარლამენტის გარდა ჩაერთვებიან, ასევე, ამ მიმართულების ექსპერტები ამ განხილვაში და, შედეგად, ჩვენ მივიღებთ იმ სისტემას, რომელიც იქნება დაბალანსებული, სწორი და იმ საჭიროებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.