ახალი კანონმდებლობის ფარგლებში, დანიაში ნიქაბის ტარებისთვის ქალი პირველად დააჯარიმეს
ახალი კანონმდებლობის ფარგლებში, დანიაში ნიქაბის ტარებისთვის ქალი პირველად დააჯარიმეს

დანიაში მუსლიმური სამოსელით სახის დაფარვისთვის 28 წლის ქალი პირველად დააჯარიმეს – საზოგადოებრივ ადგილებში სახის ნიქაბით დაფარვაზე აკრძალვის კანონი ძალაში ოთხშაბათს შევიდა.

დაჯარიმებას წინ ინციდენტი უძღოდა. მედიის ცნობით, შემთხვევა კოპენჰაგენიდან 25 კილომეტრის დაშორებით, ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრში მოხდა. ესკალატორზე მუსლიმ ქალსა და სავაჭრო ცენტრში მყოფ კიდევ ერთ პირს შორის შელაპარაკება მოხდა. მედიის ინფორმაციით, მიზეზი სწორედ ნიქაბის ტარება გახდა, ჩხუბის დროს ქალს პირბადე მოძვრა. დაპირისპირებულები პოლიციამ გააშველა და ნიქაბის ტარებისთვის ახალგაზრდას 1 000 კრონის (150 აშშ დოლარის) ოდენობით ჯარიმა გამოუწერა. სამართალდამცველების განცხადებით, მათ მოგვიანებით სათვალთვალო კამერების ჩანაწერი შეისწავლეს, თუმცა კადრებში ნიქაბის ძალით მოძრობის მცდელობა არ ჩანს. პოლიციის თქმით, ის ქალს ჩხუბის დროს შემთხვევით ჩამოუვარდა.

განმეორებითი დაჯარიმების შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა 1 500 დოლარის ექვივალენტს შეადგენს.

სახის დაბურვის შესახებ აკრძალვის ამოქმედების შემდეგ კოპენჰაგენში საპროტესტო აქცია გაიმართა.

უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ი აკრძალვას დისკრიმინაციულად აფასებს.

მსგავსი კანონის გაუქმება ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ გასულ წელს ბელგიას დააკისრა. მუსლიმურ სამოსელს კრძალავს საფრანგეთი, ავსტრია, ბულგარეთი და გერმანიის ბავარიის რეგიონიც.