ახალი არველაძეების ისტორია - ელიგაში 17-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელმა ითამაშა, რომელსაც ტყუპისცალისგან ვერ გაარჩევთ
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების წევრი, გიზი მამაგეიშვილი „საბურთალოს“ კიდევ ერთი აღზრდილია, რომელმაც გუნდის ფორმა მოირგო და ეროვნულ ლიგაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა. 17 წლის იმედისმომცემი ნახევარმცველი გასულ წელს თავის ასაკში ყველაზე ნიჭიერ მოთამაშეთა შორის დაასახელეს და საგანგებო პრიზი გადასცეს.
„სამტრედიასთან“ თამაშში 46-ე წუთიდან ჩაერთო. ამ დროს დედაქალაქური კლუბი მინიმალური სხვაობით აგებდა. საბოლოოდ კი 2:1 მოიგო და ამაში მამაგეიშვილმაც საკუთარი წვლილი შეიტანა.
„მთავარმა მწვრთნელმა შესვენებაზე მითხრა, მოემზადე, თამაშში უნდა ჩაერთოო. ძალიან გამიხარდა, ნერვიულობა კი მოედანზე შესვლისას მომეხსნა. დავალება შეტევის გაძლიერება და მოედანზე აქტიურობა იყო. სასიამოვნოა, რომ ის მატჩი გამარჯვებით დავასრულეთ. ერთ-ერთ ეპიზოდში გოლის გატანაც შემეძლო, მაგრამ დარტყმა არ გამომივიდა. წინ ძალიან რთული გზა მაქვს გასავლელი. უნდა დავამტკიცო, რომ ამ გუნდში თამაშს ვიმსახურებ. რა თქმა უნდა, დიდი პატივია იმ გუნდის შემადგენლობაში თამაში, რომლის ანგარიშზეც ხანმოკლე ისტორიის მიუხედავად, ჩემპიონობა, თასი და სუპერთასია. მინდა, რომ „საბურთალოში“ ადგილი დავიმკვიდრო, ძირითადი გუნდის ფეხბურთელი გავხდე და კლუბს მიზნების განხორციელებაში დავეხმარო“, – ამბობს მამაგეიშვილი.
გიზი თავის ტყუპისცალ ოთოსთან ერთად „საბურთალოზე“ იზრდებოდა. 2019 წელს ძმასთან ერთად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიის გუნდში იჯარით გადავიდა, წელს კი ორივე „საბურთალოში“ დაბრუნდა. მათი ამბავი რაღაცით შოთა და აჩიკო არველაძეების ისტორიას ჰგავს, რადგან ერთმანეთისგან ვერ არჩევენ: „სკოლაში შესვლისთანავე, ფეხბურთზეც გადავწყვიტეთ შესვლა და პირველი ნაბიჯები „საბურთალოს“ აკადემიაში გადავდგით. მე და ჩემი ტყუპისცალი სულ ბურთს დავსდევდით და მიხარია, რომ ორივე ვთამაშობთ. ჩვენი განსხვავება ძალიან უჭირთ. მე თავზე პატარა შრამი მაქვს და ამით თუ გაგვარჩევენ, მაგრამ, როდესაც „საბურთალოს“ ძირითად გუნდში ორივეს გვიწევს ვარჯიში, ვერ არჩევენ, ვინ რომელი ვართ“.