ეკატერინე ტიკარაძე - ორ დღეში ახალი ალგორითმით დავიწყებთ მოქმედებას
ეკატერინე ტიკარაძე - ორ დღეში ახალი ალგორითმით დავიწყებთ მოქმედებას

კორონავირუსზე ტესტირება ფართოვდება და ახალი ალგორითმის ტესტირებებში ჩაერთვებიან თავშესაფრები და სატრანზიტო მანქანების მძღოლები.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აღნიშნული კატეგორია საკმაოდ მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენს.

მინისტრის განმარტებით, ახალი ალგორითმით მოქმედებას შაბათ-კვირიდან დაიწყებენ.

„თქვენ იცით, რომ კლინიკური ჯგუფის მხრიდან იყო რამდენიმე ინიციატივა, სადაც იყო განხილული, რომელი ჯგუფები უნდა შესულიყვნენ შემდგომ გაფართოებაში. ამ ეტაპზე ჩვენ შევთანხმდით, რომ ალგორითმის გაფართოებას დაექვემდებარებიან ის თავშესაფრები, რომელიც იყო ჩამოთვლილი, ასევე სატრანზიტო მანქანების მძღოლები, ვინაიდან ისინი წარმოადგენენ საკმაოდ მაღალი რისკის ჯგუფს. ჩვენ ვისაუბრეთ ასევე იმ ინიციატივაზე, რომელიც სამინისტროში არის შემოსული სამედიცინო საზოგადოებიდან. თუ იქნება შესაძლებელი , რომ ყველა კლინიკაში მოხდეს პაციენტების მიღებისას მათი კვლევა, ამ ინიციატივას ჩვენ კვლავ მივუბრუნდებით და განვიხილავთ. ამ ეტაპისთვის ვფიქრობთ, რომ შესაძლებელი იქნება არა ანტიგენით, არამედ ანტისხეულით პაციენტების ტესტირება და ჩვენ კიდევ დამატებით ვიმსჯელებთ ამასთან დაკავშირებით. ეს ალგორითმი ორ დღეში იქნება უკვე გაფართოებული და, შესაბამისად, უკვე შაბათ-კვირიდან ჩვენ დავიწყებთ ახალი ალგორითმით მოქმედებას“,- განაცხადა მინისტრმა.