ოკუპირებულ ახალგორში საქართველოს 25 წლის მოქალაქე მარიხუანას შენახვისთვის დააკავეს

16:07, 01.07.2018

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავმა ორგანოებმა ახალგორში ჩატარებული რეიდის დროს საქართველოს მოქალაქე მარიხუანას შენახვისთვის დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ე.წ. ოქმში წერია, რომ საქართველოს 25 წლის მოქალაქეს, რომელიც Toyota-ს მარკის მანქანით გადაადგილდებოდა, 3,95 გრ. მარიხუანა ჰქონდა თან.

„დასახლება ლენინგორში რეიდის დროს მილიციის თანამშრომლებმა გააჩერეს „ტოიოტას“ მარკის მანქანა. მძღოლის – საქართველოს 25 წლის მცხოვრების შარვლის ჯიბეში აღმოჩენილ იქნა მცენარეული გამომშრალი მწვანე ფერის მასის შეკვრა. ექსპერტიზის დასკვნით, გამოკვლევაზე წარდგენილი ნივთიერება 3,95 გრამი ნარკოტიკული საშუალება მარიხუანაა“, – განუცხადა ადგილობრივ მედიას დე ფაქტო უწყებაში არსებულმა წყარომ.

საქართველოს მოქალაქის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დრომდე უცნობია.

მსგავსი