ახალგორის საავადმყოფოში 49 წლის მამაკაცი გარდაიცვალა
ახალგორის საავადმყოფოში 49 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

ოკუპირებული ახალგორის საავადმყოფოში ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ მოსაბრუნში მცხოვრები 49 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში დაუდასტურეს.

მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქის საკითხთა და სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსის ზვიად ზვიადაძის ინფორმაციით, ბესიკ კორბესოვის ოჯახის წევრებს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე პაციენტის გადმოყვანის მიზნით მათთვის არ მიუმართავთ.

„პირველ რიგში, მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო ოჯახს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ბესიკ კორბესოვის ოჯახის წევრებს არ მოუმართავთ პაციენტის ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანის მიზნით და ის ახალგორის საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. ასევე, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მსგავსი განაცხადი არც ერთ სახელმწიფო უწყებაში არ ყოფილა გაკეთებული“,- განაცხადა ზვიად ზვიადაძემ.

ამასთან, ახალგორის გამგებლის, ნუგზარ თინიკაშვილის ინფორმაციით, 49 წლის მამაკაცი გულის შეტევით გარდაიცვალა.

მისივე თქმით,  სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ბესიკ კორბესოვი ახალგორის საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.