ახალგორის გამგებელი არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაზე პასუხისმგებლობას მიხეილ სააკაშვილს აკისრებს
ახალგორის გამგებელი არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაზე პასუხისმგებლობას მიხეილ სააკაშვილს აკისრებს

ახალგორის გამგებლის ნუგზარ თინიკაშვილის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილზე პასუხისმგებლობა ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ეკისრება. ამის შესახებ გამგებელმა სოფელ წილკანში განაცხადა, სადაც დაღუპულის ოჯახს მიუსამძიმრა.

„ტერიტორიული მთლიანობა რომ დაირღვა, ამის ბრალეულობა თავიდან ბოლომდე ეკისრება მაშინდელ ხელისუფლებას. 2006 წელს სააკაშვილი და პუტინი შეხვდნენ სოჭში ერთმანეთს და მაშინ მიიღო სააკაშვილმა პუტინისგან დავალება, რომ გაემთლიანებინა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიები და აღედგინა იმ საზღვრებში, რომელიც კომუნისტების დროს იყო. ეს მან პირნათლად შეასრულა. 2006 წელს შეიქმნა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, მიაკუთვნა ახალგორი, რომელიც იყო მცხეთა-მთიანეთის შემადგენლობაში და ის უბედურება, რაც ტრიალებს სწორედ ამ გადაწყვეტილების შედეგია. დღეს იმაზე კი არ უნდა იყოს საუბარი, რომელი პიჯაკი იყიდა და ამაზე კი არ უნდა ვთხოვდეთ პასუხს, ქვეყნის დანგრევაზე და განადგურებაზე. აი, ამ ადამიანების სისხლზე უნდა აგებდეს ის პასუხს“, – ამბობს ახალგორის გამგებელი.

მისივე თქმით, არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილზე პასუხისმგებლობა რუსეთთან ერთად, ეკისრება მიხეილ სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოსახლეობისთვის კითხვის დასმა და ინფორმაციის მიწოდებაც არ იკადრა და ისე შექმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკა. ყველა უბედურება, რაც ხდება და რაც შეიძლება მოხდეს, ყველაფერზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს მიხეილ სააკაშვილს, „ნაციონალურ მოძრაობას“ და დღეს რომ გაიყვნენ და სხვადასხვა პარტიები შექმნეს, ეს ადამიანები ყველა ტაშს უკრავდა მაშინ და ყველა არის პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე“, – განუცხადა ჟურნალისტებს სამძიმარზე მისულმა ნუგზარ თინიკაშვილმა.

ნუგზარ თინიკაშვილის ვარაუდით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ცხინვალიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დღეს გადმოასვენებენ. მისი თქმით, ამის შესახებ მოლაპარაკებებზე გუშინ შეთანხმდნენ. გამგებლის ინფორმაციით, პროცესში ჟენევის თანათავმჯდომარეები, ელჩები აქტიურად ჩაერთნენ. გამგებელი არ გამორიცხავს, რომ გადმოსვენებაზე დე ფაქტო რეჟიმმა შეგნებულად თქვას უარი.

„მათ არც კანონი, არც სამართალი, არც სიტყვის დაცვა არ სჩვევიათ, ამიტომ, შეიძლება საერთოდაც არ მოხდეს გადმოსვენება. ბუნებრივია, არ გვქონდა მოლოდინი, რომ ისინი შეუშვებდნენ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლებს, იმიტომ, რომ რა სურათიც არის, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, არის სასტიკად ნაწამები და წამებით მოკლული“, – აცხადებს ახალგორის გამგებელი.

რაც შეეხება ორ დაკავებულს, გამგებლის ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის შესახებ ხელისუფლებას ცნობები არ გააჩნია.

„მათ გათავისუფლებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ ინფორმაცია, თუ ისინი რა ვითარებაში და რა მდგომარეობაში არიან, ნამდვილად არ გვაქვს. კომუნიკაცია მათთან არ იყო“, – აღნიშნავს თინიკაშვილი.

პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ერთერთი დაკავებულის სოსო პავლიაშვილის ოჯახის წევრები ოკუპირებულ ცხინვალში გაემგზავრნენ. გამგებელი ამ ინფორმაციას ადასტურებს, მაგრამ ამბობს, რომ დამატებით კომენტარს ვერ გააკეთებს.

„იქ თითოეული ქართველის ბედი, როგორც ჩანს, საფრთხის ქვეშ არის, მაგრამ ამ ოჯახებს არაფერი სხვა არ დარჩენიათ, თუ არა, წავიდნენ თვითონაც რისკზე, რათა ტატუნაშვილის სამწუხარო ბედი მათმა შვილებმაც არ გაიზიარონ”, – ამბობს ახალგორის გამგებელი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები: არჩილ ტატუნაშვილი,ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.