21-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ხვალ რამდენიმე შეხვედრა გაიმართება. მორიგი მატჩი ელის საქართველოს 21-წლამდე ნაკრებსაც.
23 მარტს ფარერებთან ევროშესარჩევი მატჩის მოგების (1:0) შემდეგ, გია ცეცაძის გუნდმა მზადება დანიასთან შესახვედრად გააგრძელა. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ხვალინდელი მეტოქე 12 ქულით შესარჩევი ჯგუფის ლიდერია, საქართველო კი შვიდი ქულით მესამეზეა.
ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, საქართველოს ნაკრებში ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და თამაშისთვის მზადყოფნაშია. გუნდმა თბილისის ზღვაზე, „ზესტაფონის“ ბაზაზე ივარჯიშა – ცეცაძემ ძირითადად დრო ტაქტიკური მონახაზის დამუშავებას დაუთმო.
ფარერების დარად, საქართველოსა და დანიის მატჩიც გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება. დასაწყისი 17:00 საათზე, დასწრება უფასოა.