21-წლამდელების მიზანი ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრაა - გია ცეცაძე ორ შეხვედრაში ექვს ქულას გეგმავს
21-წლამდელების მიზანი ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრაა - გია ცეცაძე ორ შეხვედრაში ექვს ქულას გეგმავს

ჩვენი მიზანია, შესარჩევი ციკლის პირველ ორ შეხვედრაში ექვსი ქულა მოვიპოვოთ, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე.

ის გუნდს ევრო2021-ის წლის შესარჩევი ციკლის პირველი თამაშებისთვის ამზადებს. გია ცეცაძის გუნდი 5 სექტემბერს, 19:00 საათზე გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ლიხტენშტაინს უმასპინძლებს, ხოლო 10 სექტემბერს ბაქოს „დალგა არენაზე“ აზერბაიჯანს დაუპირისპირდება.

გია ცეცაძემ კომენტარი გუნდის მზადებაზეც გააკეთა.

„რამდენიმე დღეა, რაც გუნდი შეიკრიბა. მზადებით კმაყოფილი ვარ. მიმაჩნია, რომ გუნდი პროგრესირებს. სამწუხაროდ, გუნდს ტრავმის გამო გიორგი ქოჩორაშვილი დააკლდა. ყველა დანარჩენი მწყობრშია და მზად არიან ბიჭები, თავისი ქვეყნის სახელი დაიცვან. ციკლს ლიხტენშტაინთან და აზერბაიჯანთან მატჩებით ვიწყებთ. ვეცდებით, ეს ორი შეხვედრა მოვიგოთ და ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ“, – აცხადებს გია ცეცაძე.

საქართველოს ნაკრები ევრო2012-ის შესარჩევი ციკლის მეორე ჯგუფში მოხვდა, სადაც ლიხტენშტაინისა და აზერბაიჯანის გარდა, ჩვენი მეტოქეები ძალიან ძლიერი გუნდები არიან – საფრანგეთი, შვეიცარია და სლოვაკეთი. ამის მიუხედავად, ცეცაძე გუნდს ამბიციურ მიზანს უსახავს.

„მიზანი ევროპის ჩემპიონატზე თამაშია. აქედან გამომდინარე, ჯგუფში მინიმუმ მეორე ადგილზე გასვლა და პლეიოფში მოხვედრა მაინც უნდა შევძლოთ. მიმაჩნია, რომ საქართველოში ფეხბურთის დიდი პოტენციალია და ეს ჩემი აღმოჩენა არ არის. ამ თაობაშიც ძალიან ნიჭიერი და კარგი მოთამაშეები არიან და მჯერა, ამ შესარჩევ ციკლში თავს გამოიჩენენ, რაც თითოეული მათგანის წინსვლის წინაპირობა გახდება“, – აღნიშნავს გია ცეცაძე.