ახალგაზრდულ საზაფხულო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალგაზრდულ საზაფხულო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურისა და თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების ორგანიზებით, ახალგაზრდულ საზაფხულო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროგრამები მოიცავს, ბანაკებს ბაზალეთის სასწავლო ცენტრში და ლაშქრობებს თბილისის გარშემო. ბანაკებში და სალაშქრო ტურებში მონაწილეობა სტუდენტებს და 18-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ. პროგრამები განხორციელდება რამდენიმე ნაკადად. ბანაკების ოთხდღიანი პროგრამა ითვალისწინებს განთავსებას, კვებას, ტრანსპორტირებას, საგანმანათლებლო, სპორტულ – კულტურულ და გასართობ აქტივობებს. ლაშქრობის ერთი ნაკადის ხანგრძლივობა შეადგენს ორ დღეს.

ლაშქრობის დროს ახალგაზრდები უზრუნველყოფილნი იქნებიან კარვებით, სალაშქრო აღჭურვილობით, კვებით, კვალიფიციური ინსტრუქტორების მომსახურებით. ლაშქრობები განხორციელდება თბილისის გარშემო.

როგორც მერიაში აცხადებენ, საზაფხულო ახალგაზრდული პროგრამების მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში ახალი უნარ-ჩვევების განვითარებას, საგანმანათლებლო, სპორტულ და კულტურულ აქტივობებში მონაწილეობას, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას, ახალგაზრდების გართობისა და აქტიური დასვენების ხელშეწყობას ზაფხულის პერიოდში.

საზაფხულო ბანაკების და ლაშქრობების შესახებ დეტალური ინფორმაცია, პროგრამა, ლოკაციები, ნაკადების განრიგი და ელექტრონული რეგისტრაციის პირობები შეგიძლიათ იხილოთ სარეგისტრაციო ბმულზე: www.youthtbilisi.ge. პროგრამებზე ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყება 20 ივლისს და 30 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

პროგრამების განხორციელების პერიოდია აგვისტო – სექტემბერი.