ახალგაზრდების ჯგუფმა ელენე ხოშტარიასა და ირმა ნადირაშვილის მიერ პარლამენტში საბჭოთა ჰიმნის ჩართვა გააპროტესტა
ახალგაზრდების ჯგუფმა ელენე ხოშტარიასა და ირმა ნადირაშვილის მიერ პარლამენტში საბჭოთა ჰიმნის ჩართვა გააპროტესტა

თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე, „ევროპული საქართველოს“ ოფისთან აქცია გაიმართა. ახალგაზრდების ჯგუფის განცხადებით, მათი პროტესტის მიზეზი „ევროპული საქართველოს“ წევრების, ელენე ხოშტარიასა და ირმა ნადირაშვილის მიერ პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის ჩართვა გახდა.

აქციის მონაწილეები ოპოზიციონერი დეპუტატებისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ.

„გამოვიდნენ და გაგვცენ პასუხი, არის თუ არა მსგავსი ქმედება მისაღები საქართველოს მოქალაქისთვის. ჩემთვის ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი. მოთხოვნაა, რომ მანდატი შეუჩერდეთ მათ. სხვა პარტიებმა კი, რომლებიც გვერდით უდგანან მათ, ან ჩამოშორდნენ ან ეს პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარ თავზე“, – განაცხადა აქციის მონაწილე დავით შიოშვილმა.

აქცია გაიმართა ლეიბორისტული პარტიის ოფისთანაც, სადაც პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის ჩართვა სტუდენტების ჯგუფმა გააპროტესტა.

„მოგეხსენებათ, დღეს საქართველოს პარლამენტში მოხდა ყოვლად ამორალური ფაქტი – „ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა, ირმა ნადირაშვილმა და ელენე ხოშტარიამ გააჟღერეს ოკუპანტის ჰიმნი. ჩვენ შევიკრიბეთ, რადგან ყოვლად დაუშვებელია ასეთი ფაქტი პარლამენტში, სადაც უნდა წყდებოდეს წესით და რიგით საქართველოს მომავალი, საქართველოს წარმატება. სტუდენტები შევიკრიბეთ, რათა ეს გავაპროტესტოთ. მოვუწოდებთ ოპოზიციას, აღკვეთონ ელენ ხოშტარია მრგვალი მაგიდიდან“, – განაცხადა აქციის მონაწილე ლუკა ნიკოლიშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა პარლამენტში რუსეთის ჰიმნი ჩართეს. ელენე ხოშტარია და ირმა ნადირაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მაშინ შევიდნენ, როდესაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციაზე საუბრობდა.