ახალგაზრდა მაგიდის ჩოგბურთელთა ისტორიული წარმატება ევროპის ჩემპიონატზე #1TVSPORT
ახალგაზრდა მაგიდის ჩოგბურთელთა ისტორიული წარმატება ევროპის ჩემპიონატზე #1TVSPORT

25 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით საბერძნეთმა უმასპინძლა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს მაგიდის ჩოგბურთში. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ტურნირი სარეიტინგოა U13 და U15 ასაკის ახალგაზრდებს შორის და მასში ქვეყნის ეროვნული ნაკრების ახალგაზრდა სპორტსმენები მონაწილეობენ.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ოთხი სპორტსმენით იყო წარდგენილი: ანასტასია ჩხარტიშვილი, ნიკოლოზ ჩხარტიშვილი, თეკლა ლიპარტელიანი, მათე ღამბარაშვილი. მწვრთნელები: გიორგი სარხაიანი, ნინო ნინოშვილი.

ჩვენმა ახალგაზრდა სპორტსმენებმა ყველა ნომინაციაში საპრიზო ადგილი დაიკავეს.

ჩვენი ნაკრების U15 გუნდის წევრმა ანასტასია ჩხარტიშვილმა წაუგებლად იასპარეზა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. მეოთხედფინალში მან დანიის წამომადგენელი ფილიპა მიკელბორგი ანგარიშით 3:0 (11-4,11-5,11-4) დაამარცხა. ნახევარფინალში კი მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელს, ბერძენ ანგელა ნოურეს სძლია ანგარიშით 3:1 (11-5, 1-8,  9-11, 15-13). ფინალში ანასტასია ჩინეთში დაბადებულ დანიის წამომადგენელს, ლუ სალის დაუპირისპირდა. ქართველმა ჩოგბურთელმა მაღალ დონეზე ჩაატარა შეხვედრის ბოლო მონაკვეთი და ფინალშიც 3:1 (11-6, 9-11, 11-2, 11-5) გაიმარჯვა.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ მოგებით ანასტასია ჩხარტიშვილი გახდა პირველი ქართველი მაგიდის ჩოგბურთელი, რომელმაც საქართველოს დროშა აღმართა ევროპის მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო კავშირის (ETTU) მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ტურნირზე.

ქართველი სპორტსმენების შედეგები ევროპის ჩემპიონატზე:

U15 გუნდურ ჩათვლაში ახალგაზრდული ნაკრები ვიცე-ჩემპიონი გახდა.

U15 ვაჟების წყვილმა (ნიკოლოზ ჩხარტიშვილი და მათე ღამბარაშვილი) მესამე ადგილი დაიკავა.

U15 გოგონების წყვილი (ანასტასია ჩხარტიშვილი და თეკლა ლიპარტელიანი) ვიცე-ჩემპიონი გახდა.

U13 ვაჟთა შორის ერთეულთა თანრიგში (B კატეგორიაში) მათე ღამბარაშვილმა იმარჯვა.