„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს ორი ახალი საჩივრით მიმართა
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს ორი ახალი საჩივრით მიმართა

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ორი ახალი საჩივარი გაგზავნა.

როგორც საია-ში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, „საჩივრები 2019 წლის 20-21 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციის დაშლისას 22 პირის, მათ შორის, აქციის 10 მონაწილის, მედიის 11 წარმომადგენლისა და მოვლენების ეპიცენტრში შემთხვევით აღმოჩენილი ერთი პირის მიმართ, სახელმწიფოს მიერ ძალის გადამეტებასა და განხორციელებულ ქმედებებზე ეფექტიანი გამოძიების ჩაუტარებლობას შეეხება“.

„2019 წლის 20-21 ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დაშლის გადაწყვეტილება მიიღო, რაც აქციაზე მყოფი პირების უფლებების მასშტაბურ დარღვევაში გადაიზარდა. წარდგენილ საჩივრებში მომჩივნები ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება – მხოლოდ მედიის წარმომადგენლების შემთხვევაში), მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება – მხოლოდ დემონსტრანტების შემთხვევაში), და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლების დარღვევას ასაბუთებენ“, – განაცხადა საია-ს თავმჯდომარე ნიკოლოზ სიმონიშვილმა.

ორგანიზაციის შეფასებით, 20-21 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ მოახერხა დაძაბული ვითარების სათანადო მართვა და დეესკალაციის უზრუნველსაყოფად არ გამოიყენა კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და დიალოგის რესურსი.

საია-ს წარმომადგენლების განცხადებით, 20-21 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მასობრივად გამოიყენა აქციის მონაწილეების ადმინისტრაციული წესით დაკავების პრაქტიკა. საია-ს განცხადებით, სამართალდამცავთა მხრიდან დაკავების და შემდგომ პერიოდში განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობის შედეგად არასათანადო მოპყრობას დაექვემდებარნენ ის პირები, რომლებიც დაკავების დროს / შემდეგ სამართალდამცავთა ეფექტიანი კონტროლის ქვეშ იმყოფებოდნენ.

რაც შეეხება ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლას, როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღინიშნა, აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენებისა და სამართალდამცავთა მხრიდან განხორციელებული ფიზიკური,თუ სიტყვიერი ძალადობის შედეგად, ადგილი ჰქონდა მედიის წარმომადგენელთა უფლებების, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების, არასათანადო მოპყრობისგან დაცვის უფლების, დარღვევის მძიმე შემთხვევებს, ასევე, ჟურნალისტთათვის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის ფაქტებს.

„21 თვეზე მეტი დროის გასვლის მიუხედავად, საგამოძიებო პროცესი ხარვეზიანად მიმდინარეობს, არ არის სრულყოფილი და, შედეგად, არ აკმაყოფილებს ეფექტიანი გამოძიების სტანდარტს. კერძოდ: დღემდე, საია-ს დაცვის ქვეშ მყოფი 22 პირიდან 20 პირი დაზარალებულად არ არის ცნობილი, მიუხედავად იმისა, რომ ამ პირებისთვის დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი დასტურდება საგამოძიებო ორგანოებისთვის ხელმისაწვდომი ვიდეომასალის, სამედიცინო დოკუმენტებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულის სტატუსი საია-ს დაცვის ქვეშ მყოფ ორ პირს, მაია (მაკო) გომურსა და გიორგი სულაშვილს აქვთ, გენერალური პროკურატურა მათ არ აძლევთ საქმის სრულ მასალებზე წვდომის საშუალებას და მხოლოდ უზრუნველყოფს იმ მასალების გაცნობას, რომლებიც, საგამოძიებო ორგანოს მოსაზრებით, შემხებლობაშია მომჩივნების საქმესთან. აღნიშნული ართმევს მომჩივნებს დაზარალებულისთვის საპროცესო კოდექსით გარანტირებული უფლებებით სრულყოფილი სარგებლობის შესაძლებლობას“, – აცხადებენ საია-ში.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ საია-ს მიერ წარდგენილი საჩივრები წარმოაჩენს იმ სისტემურ პრობლემებს, რომლებსაც სახელმწიფოს მხრიდან აქციების ძალის გამოყენებით დაშლის დროს აქვს ადგილი. შედეგად, მათივე განცხადებით, ნათელი ხდება, რომ სახელმწიფოს დღემდე არ აქვს დემონსტრაციების ეფექტიანი, ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული მართვის პოლიტიკა.