ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ პროვოკაციებს აპირებენ
ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ პროვოკაციებს აპირებენ

ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი კოპაძის განცხადებით, აქვს ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების გამოცხადების შემდეგ პროვოკაციებს აპირებენ.

გიორგი კოპაძემ საკუთარი არჩევანი ახალციხის 28-ე საარჩევნო უბანზე გააკეთა.

„ჩვენ ნამდვილად ავირჩევთ იმ ადამიანს, ვინც იქნება ქართველი ერის წარმომადგენელი. დღეს ხმა მივეცი თავისუფლებას, განვითარებას, სიმშვიდესა და ყველა იმ პროცესს, რომელიც დღეს არის საქართველოში და რომლისთვისაც ხელის შეშლაც უნდათ, მაგრამ ეს არ მოხდება, ვინაიდან ქართველი ხალხი ბრძენია და ის თავის არჩევანს გააკეთებს ზუსტად ამ ფასეულობების მიხედვით. ჯერ მშვიდად მიმდინარეობს, მაგრამ გვაქვს ინფორმაციები, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების გამოცხადების შემდეგ იქნება პროვოკაციები და მზად ვართ, ეს პროვოკაციები აღმოვფხვრათ“, – განაცხადა ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარმა გიორგი კოპაძემ.

ახალციხეში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა მიიღო 6 696-მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 20 პროცენტს შეადგენს.

ახალციხის 37-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თეა გავაშელი აცხადებს, რომ აქტივობის მატებას ელოდებიან.