ახალციხის საჯარო სკოლაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, მანდატურის სამსახური განცხადებას ავრცელებს
ახალციხის საჯარო სკოლაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, მანდატურის სამსახური განცხადებას ავრცელებს

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური ახალციხის საჯარო სკოლაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც მოსწავლის მიმართ სავარაუდო ბულინგის ფაქტს უკავშირდება, განცხადებას ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ სკოლაში წარმოდგენილია საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური.

„როგორც კი მანდატურმა შეიტყო იმ ფაქტის შესახებ, რომ სკოლის მოსწავლე, შესაძლოა, ყოფილიყო ვერბალური ბულინგის მსხვერპლი და ამასთან, საფრთხის წინაშე იდგა სასკოლო პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობა, დაუყოვნებლივ აცნობა მანდატურის სამსახურს. ახალციხეში მყისიერად გაემგზავრა აღნიშნული სამსახურის კრიზისული ინტერვენციის ჯგუფი, ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების შემადგენლობით. მოსწავლეთა კანონიერი წარმომადგენლების თანხმობით, მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის თანამშრომლები გაესაუბრნენ კონფლიქტში ჩართულ ყველა რგოლს, შეასრულეს მედიატორის როლი და განახორციელეს ინდივიდუალური სამუშაოები, რის შემდეგაც, საგანმანათლებლო პროცესი სკოლაში აღდგა და დღესაც შეუფერხებლად მიმდინარეობს.

რაც შეეხება კონკრეტულ მოსწავლეს, რომელიც, შესაძლოა, იყოს ბულინგის მსხვერპლი, განხორციელდა მისი რეფერირება მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრში. მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის შემთხვევაში, ცენტრის მაღალკვალიფიციური ფსიქოლოგები განახორციელებენ ყველა საჭირო ღონისძიებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, მანდატურის სამსახურის ინფორმაციით, ინციდენტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ემუხლის 1 პრიმა ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

ამასთან, უწყება აცხადებს, რომ მანდატურები აგრძელებენ მუშაობას სკოლაში და საჭიროების შემთხვევაში, მზად არიან, დაუყოვნებლივ აღმოფხვრან ნებისმიერი ინციდენტი, რამაც, შესაძლოა, დააზარალოს მოსწავლეთა უფლებები და ხელი შეუშალოს სასკოლო პროცესის წარმართვას.

დატოვე კომენტარი