ახალციხის რაიონული სასამართლო ბორჯომის საკრებულოს უმრავლესობის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე იმსჯელებს
ახალციხის რაიონული სასამართლო ბორჯომის საკრებულოს უმრავლესობის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე იმსჯელებს

ბორჯომის საკრებულოს უმრავლესობის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვა იწყება.

ბორჯომის საკრებულოს „ქართული ოცნებისა“ და აღნიშნული პარტიიდან გასულმა დეპუტატებმა, რომლებსაც საკრებულოში ორი ახალი ფრაქციის შექმნა სურდათ, ახალციხის რაიონულ სასამართლოს 19 თებერვალს მიმართეს. მიზეზი საკრებულოს უმრავლესობის მხრიდან ფრაქციების „ქართული ოცნება – კონსერვატორებისა“ და „ქართული ოცნება – მრეწველების“ შექმნაზე უარის თქმა გახდა.

ბორჯომის საკრებულოში ახალი ფრაქციების შესაქმნელად, „ქართული ოცნებიდან“ ანდრო გედიაშვილი „კონსერვატორებში“ , ხოლო ივანე შალუტაშვილი და ოთარ არბოლიშვილი „მრეწველებში“ გადავიდნენ.

სასამართლოში შეტანილი სარჩელით საკრებულოს წევრები ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და იურიდიული კომისიის იმ ოქმების ბათილად ცნობას მოითხოვენ, რომლის მიხედვითაც, ორი ფრაქციის შექმნაზე დეპუტატებმა უარი განაცხადეს.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ფრაქციების შექმნის მოთხოვნით საკრებულოს უმრავლესობას 18 იანვარს მიმართეს, თუმცა საკრებულოს წევრებმა ფრაქციის შექმნას მხარი არ დაუჭირეს.

ახალციხის რაიონულ სასამართლოში სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.