ახალციხის პოლიციაში გარდაცვლილი ექთნის მეუღლის გამოკითხვა დასრულდა
ახალციხის პოლიციაში გარდაცვლილი ექთნის მეუღლის გამოკითხვა დასრულდა

ახალციხის პოლიციაში გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის მეუღლის თითქმის 4-საათიანი გამოკითხვა დასრულდა. საგამოძიებო უწყებიდან გამოსულმა მანუჩარ კობახიძემ მედიასთან განაცხადა, რომ საავადმყოფოში სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე მის წინააღმდეგ გამოძიებაა დაწყებული.

მისივე თქმით, კითხვების მეტი ნაწილი სწორედ აღნიშნულ ფაქტს უკავშირდებოდა.

მანუჩარ კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ მას ჰკითხეს, თუ რა ნახა საავადმყოფოში მისულმა, მას შემდეგ რაც მეუღლის შეუძლოდ გახდომაზე ინფორმაცია მიიღო.

„მეგიზე იმდენი გამოძიება არ არის დაწყებული, რამდენიც ჩემზე. ჩემზე 187-ე მუხლით დაიწყო გამოძიება, ნივთის დაზიანებაზე. ასევე, კითხვები დამისვეს, რა მოხდა საავადმყოფოში, რა ვნახე. ყველაფერზე პასუხი გავეცი. ჩემს პოზიციას შემდეგ გაგაცნობთ. საქმეს ბოლომდე მივიყვან“, – განაცხადა მანუჩარ კობახიძემ.