ახალციხიდან გადმოყვანილი ექთნის მდგომარეობასთან დაკავშირებით კონსილიუმი მიმდინარეობს
ახალციხიდან გადმოყვანილი ექთნის მდგომარეობასთან დაკავშირებით კონსილიუმი მიმდინარეობს

ახალციხიდან გადმოყვანილი ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კონსილიუმი მიმდინარეობს.

საუნივერსიტეტო კლინიკაში მივიდა ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და მისი მოადგილე თამარ გაბუნია.

კონსილიუმს ექიმების მულტიპროფილური გუნდი, სხვადასხვა კლინიკების იმუნოლოგები და ნევროლოგები ესწრებიან. კონსილიუმის საფუძველზე მიიღება ერთობლივი გადაწყვეტილება, როგორი იქნება პაციენტის შემდგომი მკურნალობის ტაქტიკა.

30 წლამდე ექთანი, რომელსაც ახალციხის „იმედის“ კლინიკაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის შემდეგ სავარაუდო გვერდითი რეაქცია გამოუვლინდა, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული. პაციენტის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმე რჩება.

შემთხვევის მოკვლევა უკვე დაწყებულია, თუმცა მანამდე გამოითქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა, იყოს ვაქცინაციის შემდგომი უიშვიათესი გართულება.