ახალციხეში თურქეთის სამი მოქალაქე უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს
ახალციხეში თურქეთის სამი მოქალაქე უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს

ახალციხეში, რაბათს დასახლებაში არსებული ერთ-ერთი საოჯახო ტიპის სასტუმროდან თურქეთის სამი მოქალაქე სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანა.

როგორც ექიმები განმარტავენ, სამივე პაციენტს შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდა და დადგინდა, რომ გონების დაკარგვა მწვავე ინტოქსიკაციამ გამოიწვია.

პირველ არხთან ექიმი განმარტავს, რომ მოწამვლა მაღაზიაში ნაყიდმა პროდუქტმა გამოიწვია. მისივე განმარტებით, პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

პირველ არხთან სასტუმროს მეპატრონე ყვება, რომ სამი პირი გუშინ, გვიან ღამით მიიღო სასტუმროში.

როგორც მეპატრონე ამბობს, მთელი დღის განმავლობაში თურქეთის მოქალაქეები ოთახში იმყოფებოდნენ და გარეთ არ გამოსულან. ქალბატონის თქმით, როდესაც საღამოს მისმა მეუღლემ ოთახის კარზე დაუკაკუნა, მათ არ გამოუხედავთ, ამის შემდეგ მეპატრონეებმა კარის გაღება გადაწყვიტეს და სამივე პირი უგონო მდგომარეობაში ნახეს. სასტუმროს მეპატრონეებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, რომელმაც სამივე პირი საავადმყოფოში გადაიყვანა.