ახალციხეში მსუბუქი ავტომობილი გაჩერებაზე შევარდა, დაშავებულია ერთი ადამიანი
ახალციხეში მსუბუქი ავტომობილი გაჩერებაზე შევარდა, დაშავებულია ერთი ადამიანი

ახალციხეში, რუსთაველის გამზირზე მსუბუქი ავტომობილი გაჩერებაზე შევარდა, რა დროსაც ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გაჩერებაზე შევარდა, სადაც იმ დროს მოქალაქეები იმყოფებოდნენ. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ “იმედის” კლინიკაში გადაიყვანა.

როგორც პირველ არხს საავადმყოფოში განუცხადეს, მამაკაცს სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და დაშავებული უკვე გაწერეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.