ახალქალაქში კუმურდოს ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ახალქალაქში კუმურდოს ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდთან ერთად ახალქალაქში, კუმურდოს საეპისკოპოსო ტაძრის რესტავრაციის პროცესს აგრძელებს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წელს ადგილზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ეტაპის განხორციელება სააგენტომ უკვე დაიწყო, ხოლო მეორე თვეა სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია შესული.

„დამტკიცებული პროექტის საფუძველზე, კომპლექსურმა რესტავრაციამ უკვე მოიცვა ტაძრის ჩრდილოეთის, სამხრეთისა და აღმოსავლეთის ფასადები, რომელთა დაზიანებული სეგმენტები ახალი თლილი ქვებით იმოსება. 2018 წელს მიმდინარე სარეაბილიტაციო პროცესი, რომელიც შინაარსობრივად გუმბათისა და დასავლეთის ფერდის მინაშენის აღდგენასაც მოიცავს, მაქსიმალურად იქნება მისადაგებული კუმურდოს ტაძრის ავთენტურ ფორმასთან. ტაძრის რეაბილიტაციის განვლილ ეტაპებზე არქიტექტორ-რესტავრატორთა ჯგუფმა კუმურდოს ტაძრის ყველაზე კრიტიკულ უბნებზე აწარმოა გამაგრებით-სარეაბილიტაციო სამუშაოები“, – აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.