ახალი ზელანდიის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა იან ფოსტერმა „ოლ ბლექსის“ ახალი კაპიტანი ოფიციალურად დაასახელა. გუნდს სემ ქეინი უკაპიტნებს. ქეინი ახალი ზელანდიის ძირითადი ნაკრების შემადგენლობაში 2012 წლიდან სტაბილურად ასპარეზობს. მისი დებიუტი რვა წლის წინ, ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ შედგა, მაშინ სემ ქეინი 20 წლის იყო. 28 წლის მორაგბეს „ოლ ბლექსის“ შემადგენლობაში ამჟამად 68 კეპი აქვს. ქეინის წინამორბედი კირან რიდი იყო, რომელმაც სანაკრებო კარიერა 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ დაასრულა.
„ის ძალიან გამოცდილი მოთამაშეა, უკვე რვა წელია ნაკრების შემადგენლობაშია. სემი აშკარა ლიდერი და ძალიან ჭკვიანი მორაგბეა. მას ყველა პატივს სცემს, სემს სწორედ ის უნარები აქვს რაც კაპიტანს უნდა ჰქონდეს,“ – განაცხადა ახალი ზელანდიის მთავარმა მწვრთნელმა იან ფოსტერმა.
„მე „ოლ ბლექსში“ გავიზარდე, ამიტომ არ მიჭირს ვიყო ამ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ნაკრებში საკმაოდ გამოცდილი ბიჭები არიან. მათთან ახალი ამპლუით თანამშრომლობას მოუთმენლად ველოდები. ჩემი მთავარი მიზანი ახალგაზრდა მორაგბეების მხარდაჭერა და მათთვის ხელის შეწყობა იქნება.“ – განაცხადა სემ ქეინმა.