ახალ ზელანდიაში შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა დაიწყო
ახალ ზელანდიაში შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა დაიწყო

ახალ ზელანდიაში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ზომების შემსუბუქება გულისხმობს, რომ ქვეყანაში გაიხსნება სკოლები, ადამიანებს რესტორნებიდან კერძების გატანის შესაძლებლობა ექნებათ, ასევე შეძლებენ სანაპიროზე გასვლას.  ათი ადამიანის შეკრება კვლავ დაიშვება.

ზომების შემსუბუქების გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც ახალ ზელანდიაში „კოვიდ-19“-ის გავრცელების მაჩვენებელმა იკლო. ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში ვირუსის მხოლოდ ერთი შემთხვევა გამოვლინდა, რომლის წყაროც ცნობილია.

აღნიშნული ზომები ძალაში 11 მაისამდე დარჩება, 11 მაისის შემდეგ კი, ხელისუფლება კვლავ გადახედავს არსებულ სიტუაციას.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 1 469 შემთხვევა არის გამოვლენილი, ვირუსს 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. „კოვიდ-19“-სგან 1 180 ადამიანი განიკურნა.

პრემიერ-მინისტრის, ჯესინდა არდერნის განცხადებით, ახალი ზელანდია ტესტირების მხრივ ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, სადაც დღეში საშუალოდ 8 ათასი ტესტი ტარდება.

ამასთან, ჯესიკა არდერნმა განაცხადა, რომ ახალმა ზელანდიამ „კოვიდ-19“-თან ბრძოლა მოიგო.