ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე თავდასხმაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე თავდასხმაში ბრალდებულ 28 წლის ბრენტონ ტარანტს სასამართლომ 5 აპრილამდე წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
ახალ ზელანდიაში, კრაისტჩერჩში ორ მეჩეთზე თავდასხმას 50 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, ბავშვებიც.
პირველი თავდასხმა მასჯიდ ალ ნურის მეჩეთში მოხდა, სადაც 300-მდე ადამიანი იმყოფებოდა. თვითმხილველთა განცხადებით, მეჩეთში შავებში ჩაცმული მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით შეიჭრა და სროლა დაიწყო. თავდამსხმელმა ცეცხლი ჯერ მამაკაცების, შემდეგ კი ქალების სამლოცველო დარბაზში გახსნა და სამართალდამცველების მისვლამდე ადგილიდან მიიმალა. მალევე მორიგი თავდასხმა ქალაქ კრაისტჩერჩში მდებარე კიდევ ერთ მეჩეთში მოხდა.
თავდასხმის ფაქტებზე პოლიციამ ავსტრალიის მოქალაქე ბრენტონ ტარანტი დააკავა. მან თავდასხმამდე „ანტიიმიგრაციული მანიფესტი“ გამოაქვეყნა, სადაც საკუთარ ქმედებებს განმარტავს. ბრენტონ ტარანტი თავდასხმის პროცესს სოციალურ ქსელში პირდაპირ ეთერში გადასცემდა. ორივე თავდასხმასთან დაკავშირებით სულ ოთხი ადამიანია დაკავებული, მათ შორის ერთ-ერთი ავსტრალიის მოქალაქეა.
ამასთან, ინტერნეტში გავრცელდა, მეჩეთზე თავდამსხმელის შაშხანის მჭიდის ფოტო, რომელზეც დავით აღმაშენებლისა და დავით სოსლანის სახელები ქართულად წერია.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, უწყება თანამშრომლობს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რათა მოხდეს დეტალური ინფორმაციის მიღება მომხდარი ტერორისტული აქტის დროს დაკავებული პირებისა და ამოღებული იარაღის შესახებ.