ახალ სპორტის სასახლეში უკრაინელი და ქართველი არტისტების მონაწილეობით საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
ახალ სპორტის სასახლეში უკრაინელი და ქართველი არტისტების მონაწილეობით საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა

უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ახალ სპორტის სასახლე უკრაინელი და ქართველი არტისტების მონაწილეობით გრანდიოზული საქველმოქმედო კონცერტით გაიხსნა, რომელიც კულტურის სამინისტროს სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. კონცერტიდან შემოსული თანხა ომით დაზარალებული უკრაინელი ბავშვებისა და ქალების დასახმარებელ ფონდში გადაირიცხება.

საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობა მიიღეს უკრაინელმა მომღერალმა ოლია პოლიაკოვამ, ასევე მარიუპოლელმა მუსიკოსმა, ჰობოისტმა მარიანა ალექსუნმა, რომელმაც მუსიკალური ნაწარმოებები თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შეასრულა. მსმენელის წინაშე ასევე წარდგნენ: ჯგუფი „სახე“, თიკა ბალანჩინი & NEW ONE, ანრი ჯოხაძე, ლელა წურწუმია, ნინი ბადურაშვილი, თამარ ივერი, ელისო ბოლქვაძე, ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე, თბილისის სიმფონიური ორკესტრი ვახტანგ კახიძის დირიჟორობით, TWINCITY, თბილისის ბავშვთა კაპელა (სამხატვრო ხელმძღვანელი გელა ფარჩუკიძე), გორის ქალთა კამერული გუნდი, ვაჟთა გუნდი ,მძლევარი”, სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდი, პატარა სუხიშვილები, თბილისის მოსიარულე დრამერები.

ახალი სპორტის სასახლე ოფიციალურად 11 ივნისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნეს.

აღსანიშნავია, რომ ახალი სპორტის სასახლე საქართველოს მთავრობის და სპორტის სამინისტროს ფინანსური ხელშეწყობით აშენდა და ის 10 000 მაყურებელზე გათვლილი მულტიფუნქციური სივრცეა. შენობა აშენებულია თანამედროვე სტანდარტებით და აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით. აღნიშნული სასახლე უმასპინძლებს როგორც სპორტულ, ისე კულტურულ ღონისძიებებს.

როგორც ცნობილია ახალი სპორტის სასახლეში მიმდინარე წლის სექტემბერში „ევრობასკეტ 2022“ ჩატარდება.